ჯონ მაკკეინი იყო სიმბოლო თავისუფლების და სიმართლისთვის ბრძოლის - ასე იხსენებს „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე, გავლენიან ამერიკელ სენატორს და ამბობს, რომ მაკკეინის გარდაცვალებით, საქართველომ დაკარგა ძალიან დიდი მხარდამჭერი და მეგობარი. მისივე თქმით 2008 წლის ომის დროს, სწორედ მაკკეინის განცხადებამ შექმნა ფონი იმ დიდი საერთაშორისო მხარდაჭერისთვის, რომელიც მსოფლიო ლიდერებმა გამოხატეს.
„მას არასდროს არ მიუტოვებია საქართველოს ჩვენს ურთულეს ბრძოლაში ჩვენი თავისუფლების და ჩვენი სიმართლის დასაცავად. ის ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით. ყოველთვის იდგა ქართველი ხალხის გვერდით ურთულეს წუთებში 2008 წელს, როდესაც რუსული აგრესიის ფონზე, მაკკეინი მაშინ საპრეზიდენტო კანდიდატი, გამოვიდა განცხადებით, რომ დღეს ჩვენ ვართ ყველა ქართველები და სწორედ ამ განცხადებამ შექმნა ფონი და კლიმატი იმ უზარმაზარი საერთაშორისო მხარდაჭერისთვის, რამაც მაშინ გადაარჩინა ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, ამიტომ მაკკეინის სახით ჩვენ დავკარგეთ, ქართველებმა, ქართულმა სახელმწიფომ ძალიან დიდი მეგობარი, ძალიან დიდი მხარდამჭერი,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.