17 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
სოხუმი საქართველოს დედაქალაქად, ცხინვალი საპარლამენტო ქალაქად - შალვა ნათელაშვილი გაპრეზიდენტების შემთხვევაში საკუთარ გეგმებზე საუბრობს

„ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ოკუპირებული რეგიონების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ეხმაურება. შალვა ნათელაშვილის თქმით ქართველი, ერი მსოფლიოში ერთადერთი ერია, რომლის გამოდევნაც საკუთარი მიწიდან მოხდა სწორედ ეროვნული კუთვნილების გამო. შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ის მოახერხებს იმას, რომ რუსეთი იძულებული გახდება გაიყვანოს საოკუპაციო ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან. ის ასევე პირობას დებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში სოხუმს საქართველოს დედაქალაქად, ცხინვალს კი საპარლამენტო ქალაქად გამოაცხადებს.

„ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალები დაუბრუნდება საოკუპაციო ზოლს რათა დაიცვას ხალხის უსაფრთხოება. ქართული მიწების ოკუპაცია გახდება მსოფლიო პოლიტიკის წამყვანი თემა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწე ყველა თანამდებობის პირი დიპლომატი და გენერალი გამოცხადდება საერთაშორისო  ძებნაში ინტერპოლის ხაზით. სოხუმი გამოცხადდება საქართველოს დედაქალაქად, ცხინვალი საპარლამენტო ქალაქად,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.  

მისივე თქმით საქართველო არის მრავალეროვანი ქვეყანა, თუმცა ყველა იმ ეთნოსს, ვისაც უნდა შექმნას დამოუკიდებელი სახელმწიფო, ურჩევს, რომ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდეს. 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი სენატორ მაკკეინის გარდაცვალებასაც გამოეხმაურა და ამერიკელ ხალხს და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.  

„მისი პოლიტიკური მოღვაწეობა უკავშირდება  აგრესიის, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლას და ის იყო საქართველოს ხმალამოღებული თავდადებული დამცველი,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

დღის ამბები