სენატორი მაკკეინი იყო მსოფლიო ლიდერი თავისუფლებისა და ღირსებისათვის ბრძოლაში - ეს განცხადება "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა," ბათუ ქუთელიამ, მაკკეინის გადრაცვალების შესახებ საუბრისას გააკეთა. მან იმ დიდ მხარდაჭერაზე ისაუბრა, რომელიც ჯონ მაკკეინის მხრიდან საქართველოს ჰქონდა და აღნიშნა, რომ სწორედ სენატორის დიდი ძალისხმევით მოხერხდა 2008 წელს რუსული აგრესიის წინააღმდეგ მსოფლიო თანამეგობრობის გაერთიანება.
„თავისუფალ სამყაროს დღეს როგორც არასდროს ისეთი დიდი გამოწვევები აქვს ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან, რუსეთის მხრიდან. სწორედ სენატორი მაკკეინი იყო ის ადამიანი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ამ ბრძოლას არამარტო აშშ-ში, არამედ მთელს მსოფლიოში. როდესაც საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მეტად უჭირდა 2008 წელს, როდესაც რუსული სამხედრო აგრესიის დროს საქართველოს სახელმწიფოებრიობა იყო ყოფნა -არყოფნის ზღურბლზე, სწორედ სენატორ მაკკეინის უკომპრომისო ლიდერობამ, უკომპრომისო პოზიციამ, მიუხედავად იმისა, რომ შიდა პოლიტიკური ბრძოლა პრეზიდენტობისთვის ამერიკაში იყო თავის პიკში, ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმ საქმეში, რომ ჯერ შეჩერდა რუსული აგრესია და შემდეგ მსოფლიო თანამეგობრობა დადგა საქართველოს მხარეს,“-განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
მაკკეინის გარდაცვალებას ეხმაურება "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელიც. თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ საქართველომ მისი სახით დაკარგა პრინციპული მოკავშირე.
„არ არის ესე იოლი, რომ გყავდეს ამერიკისნაირ სახელმწიფოში ასეთი თანმიმდევრული და პრინციპული მოკავშირე. ამ ადამიანს ესმოდა ძალიან კარგად რა არის საერთაშორისო პოლიტიკა, ესმოდა ძალიან კარგად რას წარმოადგენს პუტინის რუსეთი. იყო ჩვენი მხარდამჭერი და ამავე დროს ჰქონდა ძალიან დიდი და სერიოზული გავლენა. ამდენი ხანი იყო სენატორი ამერიკაში, ეს არ არის სახუმარო საქმე. ამ ადამიანის წასვლით რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან ბევრი გვაკლდება. კი, გვყავს ბუნებრივია ჩვენ მხარდამჭერები, გვყავს გულშემატკივრები, გულწრფელი გულშემატკივრები გვყავს. გვყავს ისეთები, ვინც ლობისტები არიან და ფულის სანაცვლოდ მუშაობენ ჩვენზე. მაგრამ არც ერთი არ იყო მაკკეინივით გავლენიანი, მაკკეინივით ერთგული,“-განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.