17 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
"დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ" - საქართველოს ერთგული მეგობარი და მხარდამჭერი, ჯონ მაკკეინი გარდაიცვალა

ამერიკელი ხალხი ეროვნული გმირის გარდაცვალებას გლოვობს. გავლენიანი ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ტვინის სიმსივნის აგრესიულ ფორმას ებრძოდა, ორი დღის წინ კი მკურნალობა შეწყვიტა.   

სენატორი საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც გვერდში ედგა. ჯონ მაკკეინმა მაშინ თქვა, რომ საქართველო რუსეთის მხრიდან თავდასხმის ობიექტი იყო. გავლენიანმა სენატორმა პატარა ქვეყნის მიმართ, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ამერიკელი ხალხის სახელით, მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა.  

მკაფიო იყო სენატორის პოზიცია აგვისტოს ომის დაწყების თაობაზე. მაკკეინი ამბობდა, რომ 2008 წელს რუსეთი დაესხა თავს საქართველოს და ქვეყანამ აგრესიას უპასუხა.

რუსეთის აგრესია გავლენიანმა პოლიტიკოსმა საქართველოში ბოლო ვიზიტისას სამხედროებთან შეხვედრის დროსაც გააპროტესტა. 

რუსეთის პოლიტიკის კრიტიკას სენატორი მაკკეინი არც საპრეზიდენტო კამპანიის დროს მორიდებია, როცა ბარაკ ობამას რესპუბლიკური პარტიიდან კონკურენციას უწევდა. მაკკეინი ამბობდა, რომ პუტინმა აგრესიული ქმედებები განახორციელა საქართველოში და იმავეს მოელოდა უკრაინაშიც. მაკკეინი ამ ქვეყნების ნატოში ინტეგრაციას აქტიურად უჭერდა მხარს და რუსეთის შესაჩერებლად საერთაშორისო ზეწოლის გააქტიურების მომხრე იყო.  

მაკკეინის დამსახურება საქართველოს წინაშე შეაფასეს ოპოზიციური პარტიების წევრებმაც, რომლებიც 2008 წელს ხელისუფლებაში იყვნენ. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ რუსული აგრესიის დროს, სენატორის მკაფიო მხარდამჭერმა პოზიციამ გამოიწვია ის, რომ საქართველოს გვერდით მსოფლიოს სხვა ლიდერებიც მტკიცედ დადგნენ.  

"მშვიდობით, ჩემო მეგობარო, გამარჯვება ჩვენი იქნება, ნებისმიერ შემთხვევაში," - ასე გამოემშვიდობა ჯონ მაკკეინს საქართველოს მესამე პრეზიდენტი facebook-ის საკუთარ გვერდზე. ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სენატორი მაკკეინი იყო ყველაზე დიდი მეგობარი, ვინც კი ჰყოლია პირადად მას და საქართველოს.

80 წლის სენატორი საქართველოში 5-ჯერ იმყოფებოდა და თითქმის ყველა რეგიონი ჰქონდა მოვლილი.

დღის ამბები