ამერიკის ეროვნულ გმირს, ჯონ მაკკეინს, მოსახლეობასთან ერთად, ქვეყნის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნებიც ემშვიდობებიან.
რესპუბლიკელი სენატორი ვლადიმერ პუტინის აგრესიულ პოლიტიკას ყველა საჯარო გამოსვლასა და ინტერვიუში მკაცრად აკრიტიკებდა. სჯეროდა, რომ მოსკოვი დღეს გლობალური უსაფრთხოებისთვის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე "ისლამური სახელმწიფო."
ჯონ მაკკეინი ერთადერთი პოლიტიკოსი იყო, რომელიც ვლადიმერ პუტინს ღიად უწოდებდა მკვლელს და 2014 წლის შემდეგ, მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამკაცრებას მოითხოვდა.
რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად ბოლო პერიოდში ჯონ მაკკეინი დონალდ ტრამპის კრიტიკითაც გამოირჩეოდა.
პოლიტიკური აქტიურობისა და მძიმე ავადმყოფობის პარალელურად, ჯონ მაკკეინი ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირადად გეგმავდა საკუთარ დაკრძალვას. ცერემონიაზე დონალდ ტრამპის არყოფნა მთავარი აუცილებელი პირობა იყო. პოზიცია არც სენატორის ოჯახს შეუცვლია და მისი გარდაცვალების შემდეგ, ადმინისტრაციას თხოვნით მიმართა, რომ დონალდ ტრამპი დაკრძალვის ცერემონიას არ დაესწროს. მაკკეინის ახლობლებს პრეზიდენტმა სამძიმარი twitter-ის ქსელში გამოუცხადა და სენატორის ხსოვნის პატივსაცემად თეთრ სახლსა და სხვა სამთავრობო შენობებზე სახელმწიფო დროშების დაშვების ბრძანება გასცა.
ჯონ მაკკეინს ტვინის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი ექიმებმა გასულ წელს, მარცხენა თვალიდან თრომბის მოშორების ოპერაციის დროს დაუსვეს.
"გააკეთე ის, რაც იცი, რომ მართალია. მოიქეცი ისე, რომ უკან მოხედვა შეგეძლოს და კი არ შეგრცხვეს, არამედ იამაყო,"- ეს სიტყვები კი თავად ჯონ მაკკეინს ეკუთვნის.