ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის მხრიდან ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავს აღნიშნავენ. უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტილია საკონტროლო-გამშვები პუნქტები, რომელიც ხვალ გაიხსნება. საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა კი მცოცავი ანექსიის შედეგებზე საუბრობს.
ოკუპანტი ქვეყნის აგრესიის კვალი, შუაგულ საქართველოში გავლებულ მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი ლიახვის ხეობის სოფლებზე ყველაზე ნათლად ჩანს. ის, რომ ათობით სოფელი ერთ დროს მჭიდროდ დასახლებული იყო, უკვე წარსულია.
ყველა, ვინც ათეული წელია შეცვლილი რეალობით ცხოვრობს, ფიქრობს, რომ მთავრობას ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები ადამიანები ავიწყდება. გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.
ქართული სოფლები უკვალოდ 10 წლის წინ დაწყებული და ჯერ კიდევ დაუსრულებელი ოკუპაციის დროს გაქრა. ამდენივე წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოდან მიტაცებული ტერიტორიებით, რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები ადამიანები ყველაზე მეტად რომ გრძნობენ ანექსიის სიმწვავეს, კარგად იცის ქეთი ციხელაშვილმა. სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ მოსკოვი თავისი ქმედებით ამ ტერიტორიებზე სრულ კონტროლს ახორციელებს.
რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ხელი 2008 წლის 26 აგვისტოს მოაწერა.