პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი 9 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩის ჩაშლით იმუქრება. კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ არ დაუშვებს, ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშის უფლება ფეხბურთელ გურამ კაშიას მისცეს.
პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი დინამო არენასთან აქციის ჩატარებას ადასტურებს.
ის აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ და რაიმე ძალადობას არ აპირებენ.
მუქარის შემცველი განცხადება კონსტანტინე მორგოშიამ facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
მუქარის გამო შს სამინისტრომ კონსტანტინე მორგოშია უკვე დაიბარა დაკითხვაზე. თავად მორგოშია კი უწყებაში დაბარებას არ ადასტურებს.
„საქართველოს ნაკრები თამაშობს ცხრაში, უამრავი გულშემატკივარი გვიკავშირდება, ათასობით წერილი მოდის, რომ მივიდეთ და საშუალება არ მივცეთ, რომ ითამაშოს. ძალით კი არ ჩავუხტებით სტადიონზე, უბრალოდ არ გვინდა, რომ იქ გამოვიდეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით... ძალადობას არ ვაპირებთ. ყოველ შემთხვევაში, რასაც გვაბრალებენ ხოლმე. ათასობით ადამიანი მიდის და პროტესტი, სტვენა, რა ვიცი, ზურგით შევუბრუნდებით და შერცხვება, ინამუსებს და გავა, ალბათ, ან არ გამოიყვანს მწვრთნელი,“ - განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.
გურამ კაშიას მიმართ შეურაცხყოფა ამჯერად UEFA-ს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ვიცეკაპიტანს ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის UEFA თანასწორობის ჯილდოს გადასცემს.
შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარების გამო, კაშია იძულებული გახდა, ფეისბუქზე ოფიციალური გვერდი გაეუქმებინა.