ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი არ გამორიცხავს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავონ.
ამის შესახებ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის უფლებადამცველმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი, ადვოკატთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცოტა ხნის წინ მივიდა.
ის უწყებაში მეოთხედ დაიბარეს. თუმცა, მაჩალიკაშვილი და მისი ადვოკატი აცხადებენ, რომ ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მეტჯერ აღარ გამოცხადდება.
"მინიმუმ, 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობს თითო დაკითხვა და თავად მიიჩნევს, რომ ეს მისი წამებაა. ის არის ფიზიკურად შეუძლოდ. ვინაიდან ასეთი ინტენსიური დაბარებებია, მოლოდინი გვაქვს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი შესაძლოა, დააკავონ, თუმცა, ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს,“ - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.