17 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
"არა ფობიას" წევრები გურამ კაშიას მხარდასაჭერად და "ქართული მარშის" ჰომოფობიური განცხადებების შესახებ განცხადებას ავრცელებს

სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას!” წევრი ორგანიზაციები იმ ჰომოფობიურ განცხადებებს ეხმაურებიან, რომლებიც UEFA-ს მიერ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, გურამ კაშიას ლგბტ თემის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის დაჯილდოების დაანონსებას მოჰყვა.

”არა ფობიას!” მხარდაჭერას უცხადებს ლგბტ თემის წევრებს, რომლებიც ცხოვრების ყველა სფეროში უშუალოდ ექვემდებარებიან ჩაგვრას და დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებიან. პლატფორმა ასევე მხარს უჭერს გურამ კაშიას და ყველა იმ პირს, რომლებიც, მიუხედავად საზოგადოების რიგი წევრების ზეწოლისა, ლგბტ თემის წევრებს ღიად და თამამად უცხადებენ სოლიდარობას.

"გასული წლის ოქტომბერში გურამ კაშიას მიერ, საფეხბურთო მატჩის დროს, ლგბტ სიმბოლიკის ამსახველი სამკლაურის გაკეთებას, საზოგადოებისა და ექსტრემისტული დაჯგუფებებისა, თუ რიგი პოლიტიკური პარტიების მხრიდან აგრესიის შემცველი ჰომოფობიური განცხადებები და ქმედებები მოჰყვა. ამა წლის 22 აგვისტოს UEFA-მ დააწესა ახალი ჯილდო #EqualGame, რომელიც, პირველად გურამ კაშიას გადაეცემა ლგბტ პირთა მიმართ გამოხატული სოლიდარობისთვის. აღნიშნულმა ჟესტმა აგრესიის ახალ ტალღას მისცა ბიძგი. მაგალითად, მოძრაობა "ქართული მარშის” წევრმა კონსტანტინე მარგოშიამ, უეფა-ს მიერ გურამ კაშიას დაჯილდოების საპასუხოდ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ჰომოფობიური და მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა: "შენ ჩამოდი 9 სექტემბერს თბილისში და დანარჩენს კი ნახავ."

"მისასალმებელია, რომ აღნიშნულის თაობაზე რეაგირება მოახდინა შსს-მ და კონსტანტინე მორგოშია გამოკითხვაზე დაიბარა. აქვე მისასალმებელია ისიც, რომ გურამ კაშიას სოლიდარობა გამოუცხადეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა- ლევან კობიაშვილმა, ვიცე პრეზიდენტმა, ნიკა ჯღარკავამ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთა ნაწილმა.

"გურამ კაშიას მიმართ გამოხატული აგრესია და ძალადობის მუქარა პირველ რიგში, ლგბტ ადამიანების მიმართ არსებული ჩაგვრისა და ძალადობის სისტემურობასა და სიმძიმეს აჩვენებს. ლგბტ ადამიანები კანონმდებლობის დონეზე თანასწორობის ფორმალური აღიარების მიუხედავად, პრაქტიკაში იგნორირებას, სისტემურ ჩაგვრასა და ძალადობას განიცდიან, -" წერია განცხადებაში.

დღის ამბები