თბილისის მერიაში კიდევ ერთი ხმაურიანი განხილვა არქიტექტურის სამსახურში გაიმართა. ზეპირი მოსმენით იქ ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცის“ საჩივარი განიხილეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული.
საუბარია დიღმის ტყე-პარკში დაგეგმილი მშენებლობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის მთავრობას მოუწოდებენ, დიღმის რაიონის მწვანე ზოლში მორიგი მშენებლობის ნებართვა არ გასცენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სასამართლოს მიმართავენ.
„2014 წლის დოკუმენტამდე, სახეზე იყო ეს დოკუმენტი მთლიან ტყე-პარკთან დაკავშირებით, რომელიც ამბობდა, რომ აქ რაიმე ტიპის მშენებლობა არის დაუშვებელი. მინდა გითხრათ ასევე ის, რომ შეზღუდვის ეს ზონა დღემდე გაუქმებული არ არის, არის მოქმედი, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ აქ რაიმე ტიპის მშენებლობა არის გამორიცხული,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.
კომენტარი გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცეს“ წარმომადგენელმა.
„ფაქტიურად, უზარმაზარი შენობის იქ ჩადგმა, არის მთელი ტერიტორიის დაღუპვა. ამას ვეწინააღმდეგებოდით, ამის განხილვა იყო დღეს და თხოვნით მივმართავ ქალაქ თბილისის მერს, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცის“ წარმომადგენელმა, ანა გაბრიაძემ.
ოპოზიციის განცხადებებს უპასუხა თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ.
„ჩვენთვის ძალიან ბუნდოვანია, თუ რაზეა საერთოდ საუბარი, როდესაც საუბარია არსებული ბეტონის ინფრასტრუქტურის დანგრევაზე და მის ნაცვლად მსუბუქი კონსტრუქციის მშენებლობაზე, იგივე ინტენსივობაში, იგივე საპარკინგე არეალზე, რომელიც მდებარეობს დიღმის პარკის მომიჯნავე ტერიტორიაზე,“ - განაცხადა მაია ბითაძემ.
შეგახსენებთ, რომ ივნისში ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა კომპანია „ანაგს“ ის სამშენებლო პირობები განუსაზღვრა, რომლის თანახმადაც ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა აშენდეს.