შავი ზღვის უნივერსიტეტში დღეს იმ 120 სტუდენტს ელოდებიან, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ამ სასწავლებელში ჩაირიცხნენ.
მათი გეგმები გაურკვეველია, რადგან სტუდენტებს შავი ზღვის უნივერსიტეტში სწავლა არ შეუძლიათ, სხვა სასწავლებელში გადასვლა კი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დროულად გაასაჯაროვებს ავტორიზაციის საბჭო დოკუმენტებს, რის საფუძველზეც სასწავლებელს პირველკურსელთა მიღება ერთი წლით შეუჩერდა.
„მათ სურვილის შემთხვევაში აქვთ უფლება, გადახედონ თავისავე გადაწყვეტილებას და სურვილის შემთხვევაში გააბათილონ იგი. ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ ბრძოლა სამართლებრივი კუთხით,“ - ამბობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, დიანა მჭედლიშვილი.