ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტილია. ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა აქციას მართავს. პოლიციამ აქციის დაშლა რამდენჯერმე სცადა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
ადგილობრივების ინფორმაციით, წლევანდელი მოსავალი აზიურმა ფაროსანამ სრულად გაანადგურა და ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
მოსახლეობა კომპენსაციის მიღებას ითხოვენ. აქციაზე შეკრებილები ასევე ხელისუფლებას მიმართავენ, რომ საბანკო სექტორთან შუამდგომლობა გაუწიონ, რათა აგროსესხები გადაუვადდეთ.
აქციაზე ადგილობრივებმა, სიმბოლურად, დაზიანებული ხილ-ბოსტნეული მიიტანა.
ამ წუთებში აქციის მონაწილეებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ხვდება. ის ადგილობრივებთან შესახვედრად ორსაათიანი დაგვიანების შემდეგ მივიდა. მინისტრის თქმით, აგროსესხების გადავადებასთან დაკავშირებით რამდენიმე ბანკთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. კომპენსაციების საკითხზე კი შეხვედრაზე ჯერ არ უმსჯელიათ.
ავტორი: სოფო ჭულუხაძე