22 დეკემბერი 2024,   15:11
ვრცლად
არ დავუშვათ საქართველოში სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება - დავით ბაქრაძე საპრეზიდენტო კანდიდატებს მიმართავს

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე „ქართული ოცნების“ იმ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მათ მხარდაჭერა საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადეს.

დავით ბაქრაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა პირს, რომელიც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს.

„ამ არჩევანით „ქართულმა  ოცნებამ“ დააფიქსირა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მხარს უჭერს ადამიანს, პოლიტიკოსს, რომელსაც არაერთგზის ღიად და საჯაროდ აქვს განცხადებული, რომ საქართველო არის აგრესორი და ჰყავს დადანაშაულებული საკუთარი ქვეყანა ჩვენივე ქვეყანაში ომის დაწყებაში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძე ოპოზიციურ პარტიებს და საპრეზიდენტო კანდიდატებს ერთმანეთის მიმართ თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ბაქრაძის თქმით, ოპოზიციური რესურსი სალომე ზურაბიშვილის დამარცხებას უნდა მოხმარდეს. 

„მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ კანდიდატს, შევწყვიტოთ და შევაჩეროთ ერთმანეთზე შეტევა და თავდასხმა, გადავიდეთ თავდაუსხმელობის რეჟიმზე და მთელი რესურსი, მთელი ჩვენი ოპოზიციური რესურსი მოვახმაროთ იმას, რომ არ დავუშვათ საქართველოში სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საპრეზიდენტო კანდიდატმა ამომრჩეველს გონივრული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.

სალომე ზურაბიშვილს მმართველმა გუნდმა მხარდაჭერა გუშინ, პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამოუცხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი აგვისტოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იზიარებს.

დღის ამბები