22 დეკემბერი 2024,   14:04
ვრცლად
ჩუმათელეთის მოსახლეობა ახალი გზის მშენებლობას აპროტესტებს

ჩუმათელეთის მოსახლეობა ახალი გზის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხარაგაულისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია მათ პრობლემებს უქმნის. მათ ნაწილს ეზოების ნაწილის დათმობა უწევს, ნაწილს კი სახლში შესასვლელი გზა მთლიანად ეკეტება.

მოსახლეობის თქმით, ახალი გზა დასახლებასთან იმდენად ახლოს გადის, რომ მათი სახლების ან ეზოების ნაწილს მოიყოლებს. შედეგად, სახლები გამოუსადეგარი გახდება და ჩუმათელეთს, როგორც საკურორტო ზონას, ეს ფუნქციაც დაეკარგება.  ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და კომპენსაციებს ითხოვენ.

კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ახალი გზა ადგილობრივებს შეუქმნის მათი თქმით, ის არის, რომ ნახევარი მეტრის სიმაღლის ბარდიურზე ძროხების გარეკვას ვერ შეძლებენ. საძოვრებისკენ მიმავალი ერთადერთი გზა კი სწორედ მათ სახლებთან გაივლის. 

ჩუმათელეთის მცხოვრებლების პრეტენზიებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ზების დეპარტამენტში პასუხობენ. გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ადგილობრივების ყველა განცხადებას სწავლობენ და ყველა კონკრეტულ შემთხვევას შესაბამისად უპასუხებენ.

ჩუმათელეთის მცხოვრებლები მათთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ. მათი პრეტენზიების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი საპროტესტო აქციებს გეგმავენ.

ავტორი: იზო ჩუბინიძე. 

დღის ამბები