19 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
"ახალქალაქში მოქმედებს დანაშაულებრივი ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც პირდაპირ ემორჩილება ენძელ მკოიანს," - დაშავებულების ადვოკატი

გვიან ღამემდე გაგრძელდა ახალქალაქში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაზარალებული ორი პირის გამოკითხვა. პროცედურა დაახლოებით 5 საათის განმავლობაში ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში მიმდინარეობდა, რადგან დაზარალებულები ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან. გამომძიებლის თქმით, მიმდინარეობს თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის გამოკითხვა. ადვოკატები კი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ხულიგნობის მუხლს პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლისა და დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის შექმნის მუხლიც უნდა დაემატოს.

"დაზარალებულები მოტივად ასახელებენ პოლიტიკურ დაპირისპირებას და მათ პოლიტიკურ საქმიანობას და როგორც ისინი აღნიშნავენ, თავდამსხმელები მათ გაუსწორდნენ პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე"-აცხადებს ადვოკატი, მაია მუმლაძე.

საქმეში ჩართული კიდევ ერთი ადვოკატი, ვახტანგ იაშვილი კი ამბობს, რომ მუხლი, რომლითაც საქმეა აღძრული, ხულიგნობას გულისხმობს, თუმცა მათი მოთხოვნაა, რომ მომხდარი შესაბამისად შეფასდეს, რადგან ეს იყო პოლიტიკური მოტივით განხორციელებული თავდასხმა. იაშვილი ახალქალაქში მოქმედ დანაშაულებრივ ორგანიზებულ დაჯგუფებაზეც საუბრობს.

"ახალქალაქში მოქმედებს დანაშაულებრივი ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც პირდაპირ ემორჩილება ენძელ მკოიანს,"- აცხადებს ვახტანგ იაშვილი.

დღის ამბები