საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური - „ქართული ოცნების“ დეპუტატების პარალელურად რეგიონებში შეხვედრები დაიწყო შინაგან საქმეთა მინისტრმა. გიორგი გახარიამ პირველი შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობაში გამართა.
შეხვედრას, რომელიც რამდენიმე საათი გაგრძელდა, მხარის გუბერნატორიც ესწრებოდა. სწორედ ალექსანდრე მოწერელია უხელმძღვანელებს სამეგრელოში საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე არჩევნების მეორე ტურისთვის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, თუმცა არჩევნების თემაზე შეხვედრას ადმინისტრაციის შენობაში ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები საერთოდ უარყოფენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სამეგრელოს შემდეგ ანალოგიური შეხვედრა აჭარაში გაიმართება.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მშვიდ და უსაფრთხო გარემოს არჩევნების ჩასატარებლად. ჩვენ ეს შევძელით როგორც პირველ ტურში, შევძლებთ ასევე მეორე ტურში. ჩემი ძირითადი მიზანი გახლდათ, შემეჯამებინა უსაფრთხოების კონტექსტში, როგორ ჩატარდა არჩევნები რეგიონებში და და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი მუშაობის ხარისხი მოქალაქეების უსაფრთხოების და მშვიდობიან გარემოში არჩევნების ჩატარების კონტექსტში კიდევ უფრო ავამაღლოთ,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.