19 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
ხელისუფლება ემზადება მასობრივი გაყალბებისთვის, გაყალბებას არავის არ შევარჩენთ - გრიგოლ ვაშაძე  

„ყველა რეგიონიდან მოდის ინფორმაცია იმაზე, რომ ხელისუფლება ემზადება მასობრივი გაყალბებისთვის,“ - ეს განცხადება, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

საგანგებო ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას მიმართა და არჩევნების გაყალბებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. 

„გაყალბებას არავის არ შევარჩენთ, გაფრთხილებთ. ჩვენ უკვე აღვკვეთეთ გაყალბება ყველა დიდ ქალაქში და იმავეს გავაკეთებთ დანარჩენ რეგიონებში“, - განაცხადა ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძე ასევე გამოეხმაურა მთავრობის მიერ მის წინააღმდეგ პროპაგანდის გამოყენების მეშვეობით სხვადასხვა საკითხის წინ წამოწევას, მათ შორის, შეწყალების უფლების და აღნიშნა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ამნისტიის უფლებას აუცილებლად გამოიყენებს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

„გაერთიანებული ოპოზიცია, როგორც კი მას მიეცემა ხელისუფლება, აპირებს შეიწყალოს, რაზეც გუშინაც ვილაპარაკეთ ქუთაისში, შეიწყალოს უპირველეს ყოვლისა, დედები, რომლებსაც ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები და არ აქვთ მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი. ადამიანები, ვისაც აქვთ სამეურნეო დანაშაული ჩადენილი, ადამიანები, ვისაც რაღაც ზღვრამდე, სამოქალაქო საზოგადოება გვეხმარება ამ ზღვარის დადგენაში, ეკონომიკური დანაშაული. ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ ციხეში არიან, მატ შორის, ძალიან ნიჭიერი, ხელოვანი ადამიანი, რომლებიც ნარკოტიკების შენახვა-შეძენაზე არიან დაკავებულები ან მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის. აი, რას ვაპირებთ ჩვენ, რაც შეეხება ამნისტიას და შეწყალებას,“ - განაცხადა ვაშაძემ.

დღის ამბები