მეორე ტურის საარჩევნო კამპანია დაწყებულია, ხმების მობილიზებას მმართველი პარტიის ლიდერები საპრეზიდენტო კანდიდატის გარეშე ცდილობენ.
როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილი ამ დრომდე საარჩევნო კამპანიაში არ ჩართულა, თუმცა პარტიის გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ შეხვედრები უკვე დაიწყო.
გარდა ამისა, შს მინისტრი უკვე იმყოფებოდა სამეგრელოში, სადაც ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდა და ხმების მობილიზების შესახებ რეკომენდაციები გასცა.
საპარლამენტო უმრავლესობაში „ქართული ოცნების“ ლიდერების საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესახებ არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ ამომრჩევლის მობილიზების მცდელობა ლოგიკურია.
„ბატონი გახარია სად დადის და რას აკეთებს ბატონ გახარიას ჰკითხეთ. რაც შეეხება მეორე ტურს, ცხადია მობილიზება იქნება ყველა იმ ადამიანისა და ჯგუფისა, ვინც კარგად აცნობიერებს, ვინ კარგად აცნობიერებს, რომ ძალიან არასასურველია, ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამ მიმართულებით წინსვლა და გარკვეული ადგილის დაკავება პოლიტიკაში,“-ამბობს ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი.