თავდაცვის სამინისტროც პოლიტიკურ სპეკულაციებში ჩაერთო - ასე აფასებენ ლევან იზორიას უწყების მიერ გენერალ დევი ჭანკოტაძის კრიტიკას ექსპერტები.
თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი ბათუ ქუთელია ამბობს, რომ გენერალს სრული უფლება აქვს საკუთარი მოსაზრება პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით გაასაჯაროოს.
ანალიტიკოსის თქმით, ყველა პატრიოტის მსგავსად გენერლისთვისაც შეურაცხმყოფელია მართველი გუნდის მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადება 2008 წლის ომთან დაკავშირებით.
გენერალი დევი ჭანკოტაძემ გუშინ გაავრცელა მიმართვა, სადაც მან სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ომის შესახებ გააკრიტიკა.
„თავდაცვის სამინისტროს სამწუხაროდ ბოლო პერიოდში რამდენიმე განცხადება იყო, ვითომდა უწყების დეპოლიტიზირებასთან დაკავშირებით და ამ დროს პირიქით, კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ეს უწყებაც სამწუხაროდ ხდება ისევ პოლიტიკური მანიპულირების იარაღი. გენერალ დევი ჭანკოტაძეს, ისევე როგორც ნებისმიერ საქართველოს სხვა მოქალაქეს აქვს სრული უფლება, გამოხატოს თავისი აზრი მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე. ბუნებრივია ისევე როგორც საქართველოს ყველა პატრიოტი მოქალაქისთვის, მათ შორის გენერალი ჭანკოტაძისთვის შეურაცხმყოფელი უნდა იყოს ისეთ ბრალდებების წამოყენება, როგორიც არის საქართველოს დადანაშაულება ომის დაწყებაში,“-აცხადებს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია.