19 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
ზურაბიშვილის განცხადებები - ქართველი სამხედროები, მესამე პრეზიდენტი და ყოფილი მაღალჩინოსნები შესაძლოა, ჰააგაში განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდნენ

სალომე ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გამო შესაძლოა, ქართველი სამხედროები, ყოფილი პოლიტიკური ლიდერები და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ჰააგის სასამართლოს განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდნენ.

ამ ეტაპზე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში საქართველოს ინტერესებს მხოლოდ ერთი ადამიანი იცავს, ისიც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი.

ოპოზიციის განცხადებით, სახელმწიფოს ამ სასამართლოში საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყავს და ამით ზურაბიშვილის რიტორიკით უკვე შერყეული პოზიცია კიდევ უფრო სუსტდება. 
ოპოზიცია ხელისუფლებისგან რეაგირებას და პასუხს ითხოვს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების უმოქმედობა რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

"პროკურორის და ჰააგის შესაბამისი სასამართლოს უწყებების შეფასებით, 2013 წლიდან საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ფაქტიურად შეწყვიტა იმ მასალების მიწოდება, რომლებიც აუცილებელია, იმისთვის რომ დადგინდეს რუსეთის ბრალეულობა 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით.

რუსეთი ძალიან აქტიურად იყენებს ამ ტრიბუნას, იმისთვის, რომ გაატაროს თავის ინტერესები, საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა ჰააგაში, ფაქტობრივად ნიშნავს თანამშრომლობას რუსეთთან,"-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

სამადაშვილი იუსტიციის მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს, რათა დეტალური ინფორმაცია წარმოადგინონ, რას აკეთებდა და აკეთებს საგარეო და იუსტიციის სამინისტროები ჰააგაში 2013 წლიდან დღემდე.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი კი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციას საკუთარ შესაგებელ სარჩელში  საქართველოს საზღვრების შეცვლის მტკიცებულებად სალომე ზურაბიშვილის სიტყვები უკვე წარდგენილი აქვს.  

ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ყველასათვის ნათელია ვინ დაიწყო ომი 2008 წელს. მათიკაშვილის თქმით, ომი რუსეთმა დაიწყო, რადგან საქართველო საომარ მოქმედებებს საკუთარ ტერიტორიაზე ვერ დაიწყებდა.

მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ჰააგაში დაამტკიცოს, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს თავს დაესხა.

დღის ამბები