19 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
რუსეთ-საქართველოს ომი და დავა ჰააგაში - ირაკლი კობახიძე ოპოზიციას თემით სპეკულირებაში ადანაშაულებს 

„საქართველო სრულად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას ამ პროცესში“ - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჰააგის სასამართლოში მიმდინარე პროცესს.

კობახიძის თქმით, ყველა პასუხისმგებელი ორგანო ჩართულია და მუშაობს იმისთვის, რათა საერთაშორისო დონეზე საქართველოს ინტერესები დაიცვას.

საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის განცხადებით, „ოცნებას“ კონსულტაციები ჰქონდა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რის შემდეგაც ნათელი გახდა, რომ ჰააგის სასამართლოში ქართული მხარე ქვეყნის ინტერესს სრულად დაიცავს.

ირაკლი კობახიძე ოპონენტებს აკრიტიკებს და მათ საქართველო-რუსეთის საკითხით სპეკულირებაში ადანაშაულებს. 

„არ შეიძლება სპეკულაციები ისეთ თემაზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს საერთო ეროვნულ ინტერესებს. სამწუხაროდ, ოპოზიცია ამითაც გამოირჩევა წინასაარჩევნო პროცესში, ისევე როგორც ზოგადად, რომ ის სპეკულირებს ისეთ თემებზეც კი, რომელიც არის  დაკავშირებული ჩვენს საერთო ეროვნულ ინტერესებთან,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციას ჰააგის სასამართლოში საქართველო-რუსეთს შორის დაწყებული დავის შესახებ კითხვები იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროების პირველ პირებთან აქვთ. ისინი წულუკიანს და ზალკალიანს პარლამენტში იბარებენ.

ხელისუფლების ოპონენტებს ეჭვი აქვთ, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი არათუ ცდილობს საკუთარი სამხედროებისა და პოლიტიკოსების სასარგებლოდ ჰააგაში მტკიცებულებების წარდგენას, არამედ ხელს უშლის ამ პროცესს.

ჰააგის სასამართლოში პროცესი 2008 წელს დაიწყო, ორივე ქვეყანა: საქართველო, რუსეთი და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი გამოძიებას თავადვე აწარმოებდა.

2014 წლიდან პროცესში უკვე ჰააგის პროკურორები ჩაერთვნენ. ჰააგის სისხლის სასამართლომ ომის დანაშაულში მონაწილე კონკრეტული პირების ბრალეულობა უნდა გამოავლინოს.

როგორც აფრიკული სახელმწიფოების მაგალითები აჩვენებს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არამხოლოდ დაბალ და საშუალო დონის ჩინოვნიკებს, ძირითადად, უმაღლესი ხელისუფლების პირებს ასამართლებს.

დღის ამბები