წინასაარჩევნო ბილბორდიდან გამქრალი სალომე ზურაბიშვილის ფოტო და მის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძისა პლაკატები - დღეს ახალი ბანერები გამოჩნდა.
ზოგიერთ ბილბორდზე პრეზიდენტობის კანდიდატის მხოლოდ სახელი და გვარი წერია, თუმცა ბანერზე მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ან პარლამენტის თავმჯდომარის ფოტოებია განთავსებული.
ახალ ბილბორდებთან დაკავშირებით შეკითხვა „კურიერის“ ჟურნალისტმა პრემიერმინისტრს დაუსვა. მამუკა ბახტაძის თქმით, წინასაარჩევნო პროცესებში ბიძინა ივანიშვილიც ჩართულია.
„თქვენ რა მიგაჩნიათ იმაში განსაკუთრებულად, რომ „ქართული ოცნება“ როგორც პირველ ტურში, ასევე მეორე ტურში მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს და ჩართულია წინასაარჩევნო პროცესებში, მათ შორის მისი დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილიც. სალომე ზურაბიშვილის ბანერები არ შეგიმჩნევიათ სხვაგან? არის ახალი ბანერები, არის სალომე ზურაბიშვილის ბანერებიც,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ახალ ბილბორდებთან დაკავშირებით კომენტარი ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა. დავით სერგეენკოს თქმით, ახალი ბანერების გარდა, სალომე ზურაბიშვილის ფოტოთი არაერთი ბილბორდია განთავსებული.
„აქ რომ მოვდიოდი, გზაში სალომე ზურაბიშვილის უამრავი ბილბორდი ვნახე, რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამოთქმას, საქართველოს მოქალაქეა და რა თქმა უნდა, შეუძლია თავისი აზრი გამოთქვას და დააფიქსიროს რაიმე ფორმით,“- განაცხადა დავით სერგეენკომ.