ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიიდან მეორე დღეს 23-ე კორპუსის მე-4 სადარბაზო მთლიანად დაცლილია და ხალხი ევაკუირებულია.
კორპუსთან დღეს დილიდან მძიმე ტექნიკა იყრის თავს, რათა ნანგრევებისგან გაწმინდონ საცხოვრებელი სადარბაზო. ადგილზე ასევე ელოდებიან ექსპერტებს, რომლებმაც უნდა შეამოწმონ, რამდენად უსაფრთხოა კორპუსი საცხოვრებლად.
ადგილობრივი მცხოვრებლები სხვადასხვა სასტუმროში გადანაწილდნენ. ზოგმა კი ღამის გათენება ახლობელთან არჩია.
ადგილობრივების თქმით, მათ დაპირდნენ, რომ მიღებულ ზარალს აუნაზღაურებენ.
რაც შეეხებათ დაშავებულებს, ისინი დამწვრობის ცენტრში რჩებიან. მძიმეა მამა-შვილის მდგომარეობა. მათ სხეულის 60 პროცენტი აქვთ დამწვარი, შედარებით მსუბუქია 6 წლის გოგონას მდგომარეობა.
დამწვრობის ცენტრის დირექტორი, გუგა ქაშიბაძე ამბობს, რომ ყველაზე მძიმე მოხუცი მამაკაცის მდგომარეობაა.
„სამივე პაციენტი განაგრძობს მკურნალობას დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში. მათ სტაბილურობას ვინარჩუნებთ, თუმცა, სამივე მათგანის დიაგნოზი არის საკმაოდ სერიოზული და საკმაოდ საშიში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი განაგრძობენ დამწვრობითი ცენტრის რეანიმაციაში მკურნალობას. მათ უტარდებათ სხვადასხვა სამკურნალო პროცედურები,“ - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
აფეთქების შედეგად დაღუპული დედა-შვილი კი გვიან ღამით ჭიათურაში გადაასვენეს.
ზემო ფონიჭალაში აფეთქება გუშინ დილით მოხდა. პირველადი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.
ბუნებრივი აირის დაგროვება, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სააბაზანო ოთახში მოხდა, სადაც წყლის გამათბობელი იყო დაზიანებული.