მთავრობის გეგმა ჭარბვალიანობის დასაძლევად - გეგმას, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრმა უნდა წარადგინოს, ოპოზიცია ეხმაურება. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ქვეყანაში არსებული რთულ ვითარებაზე საუბრობს.
გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას, მოსახლეობა კი ფაქტობრივად გაკოტრებულია.
„პრობლემა, რომელიც არის დღეს საქართველოში, ეს ეხება იმას, რომ ფაქტობრივად გაკოტრებულია ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა. 600 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა ლომბარდს ანუ დალომბარდებულია მთელი ქვეყანა, ადამიანები. კარგია, რომ ცოტა ადეკვატურ ჭკუაზე გადავიდნენ და აღარ ურჩევს ივანიშვილი ხალხს, რომ კერძო ბანკირები აიყვანონ,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ჭარბვალიანობის დაძლევის გეგმა დღეს უნდა წარადგინოს. პროგრამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის განცხადებიდან გახდა ცნობილი.
განცხადების გაკეთება კახი კალაძეს მას შემდეგ მოუწია, რაც ანალოგიურ თემაზე შეთავაზებები ხელისუფლების, პარლამენტისა და ეროვნული ბანკის მიმართ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა წამოაყენა.
კახი კალაძემ გაერთიანებული ოპოზიცია პანიკის შექმნაში დაადანაშაულა.