საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 15 დეკემბრიდან 600 ათასზე მეტ მოქალაქეს 2000 ლარამდე აღებული ვალი გაუნულდება და შავი სიიდან ამოვა ოპოზიცია ეხმაურება.
საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძეს ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ვალების განულების შესახებ გადაწყვეტილება არჩევნებში დამარცხების შიშით მიიღო.
ამიტომ ვაშაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, მხარი ოპოზიციონერ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭირონ, რათა ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები მომავალშიც გადადგას.
„ჩვენ დიდი ხანია მსგავსი ინიციატივა გვაქვს და დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკა არის გაჩერებული იმიტომ, რომ ის ვინც უნდა იყოს ეკონომიკურად აქტიური და უნდა შექმნას ეკონომიკა არასწორი სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე არის გაკოტრებული და ვალშია ყველა. მეორე ჩვენ კონკრეტული შეთავაზებები გვაქვს ამ მიმართულებით.
მესამე აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ წარმოიდგინეთ ჯერ კიდევ გამარჯვება საბოლოოდ მოპოვებული არ გვაქვს და უკვე რამხელა ნაბიჯებზე უწევს ქართულ ოცნებას წასვლა და თუ გვინდა რაც დღეს იყო ნათქვამი მართლაც შესრულდეს ამისთვის აუცილებელია გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვოს არჩევნებში“-აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.
გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, დიდი ხანია ჭარბვალიანობის დასაძლევად ოპოზიციას ვალების განულებისა და კიდევ სხვა არაერთი ინიციატივა ჰქონდა.