20 აპრილი 2024,   13:00
ვრცლად
თბილისის მერია სოციალურად დაუცველ ფენას იაფი პროდუქტების გარეშე ტოვებს - "ნუგეშის" ქსელის მაღაზიები იხურება

თბილისის მერია მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენას იაფი პროდუქტების შეძენის შესაძლებლობის გარეშე ტოვებს. „ნუგეშის“ ქსელის მაღაზიები ერთმანეთის მიყოლებით იხურება.

უკვე 3 დღეზე მეტია მობილური სავაჭრო ქსელის არც ერთ ობიექტზე პროდუქციაზე არ შეუტანიათ. წლებია "ნუგეშის" ქსელით დაბალი ფასების გამო, ყველაზე დაუცველი სოციალური ფენა სარგებლობს, თუმცა ახლა მათ ალტერნატივა უნდა ეძებონ.

„ნუგეშის“ თანამშრომლები უკვე გააფრთხილეს, რომ სავაჭრო ჯიხურებს რამდენიმე დღეში აიღებენ. „ნუგეშის“ ქსელს კომპანია „ნიკორა“ ფლობს, შეტყობინებაც მერიიდან მათ მიიღეს.

მერიის გადაწყვეტილებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ხალხი ამბობს, რომ მცირე ზომის სავაჭრო ქსელში პროდუქტს შედარებით იაფად ყიდულობდა და დაზოგილი ერთი ლარიც მათთვის მნიშვნელოვანი იყო.

უკმაყოფილი მოსახლეობას დღეს თბილისის მერმა უპასუხა, კახი კალაძე ამბობს, რომ „ნუგეშის“ მაღაზიები ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა და ამიტომ დახურეს. კალაძე აანონსებს, რომ უახლოეს მომავალში ჯიხურებისთვის ადგილებს სხვაგან გამოყოფენ.

„ნუგეშის“ ჯიხურები ჯერ კიდევ 10 წლის წინ გაიხსნა. სოციალური პროექტის მთავარი მიზანი იყო ყველა უბანში და ქუჩაზე ყოფილიყო ჯიხური, საიდანაც სოციალურად დაუცველი მოსახლეობა სურსათს შეღავათიან ფასად შეიძენდა.

ავტორი: ქეთი სობონი 

დღის ამბები