19 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
„ქართული ოცნება“ გახლავთ გარანტი, რომ საქართველოში ტარდება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები - პრემიერი ვალების განულებასთან დაკავშირებით კრიტიკას პასუხობს 

600 ათასი ადამიანისთვის ვალის ჩამოწერის ინიციატივა - მთავრობის წევრები განმარტებებს აკეთებენ.

კიდევ ერთი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ვალების განულების პროგრამას, კავშირი არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებთან.

პრემიერ-მინისტრი აცხადებს,რომ ამ საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ მისი ფინანსთა მინისტრობის პერიოდიდან დაიწყო.

არასამთავრობო სექტორის განცხადებებზე, რომ ინიციატივა წინასაარჩევნო მოსყიდვაა და წარმოადგენს კანონდარღვევას, პრემიერი ამბობს, რომ არჩევნები ტარდება დემოკრატიულ გარემოში და ნებისმიერ დარღვევაზე იქნება რეაგირება.

“რაც დაიდგა კვირას ჩვენი ოპონენტების მხრიდან არის ღიმილის მომგვრელი. მათ სურდათ გარკვეული ნაბიჯები გადაედგათ, რომ ეს ინიციატივა გაფორმებულიყო მათ იდეად. შესაბამისად ამ მოსაზრებას არანაირი რეალური არგუმენტაცია არ აქვს.

რაც შეეხება არასამთავრობოების შეფასებას - 2012 წლიდან სწორედ „ქართული ოცნება“ გახლავთ გარანტი იმისა, რომ საქართველოში ტარდება თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები. ბუნებრივია ნებისმიერ დარღვევაზე თუ ხარვეზზე რეაგირება უნდა იყოს ძალიან მკაცრი,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობას კატეგორიულად გამორიცხავენ მთავრობის სხვა წევრებიც. მინისტრები უსაფუძვლოდ მიიჩნევენ არჩევნების მეორე ტურის ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებასაც. მათი შეფასებით, ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული განცხადებები აბსურდულია.

„მე ვერ ვხედავ ამაში ამომრჩევლის მოსყიდვას, იმიტომ, რომ პრაქტიკულად ჩვენ გვაქვს დასაბუთება იმისი, რომ ეს ინიციატივა დიდი ხანი მზადდებოდა. თუ რომელიმე ორგანიზაცია უარს აცხადებს თანამშრომლობაზე ამ პროექტის ფარგლებში, მე არ მგონია და არ მჯერა იმის, რომ ჩვენ შეიძლება დავაძალოთ, რომ ვინმემ ითანამშრომლოს. ეს არის ნებაყოფლობით,“-აცხადებს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია.

გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან ინიციატივის მითვისებაზე საუბრობს ინფრასტრუქტურის მინისტრი და ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი.

„ოპოზიციის მხრიდან არ ვფიქრობ, რომ იყო დამთხვევა, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ალბათ ოპოზიციას ჰქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინიციატივა მთავრობის მხრიდან იქნებოდა გაჟღერებული,“-აცხადებს ცქიტიშვილი.

მთავრობის ინიციატივის მიხედვით, მოვალეთა ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები გაუნულდებათ, თუმცა ვალები მხოლოდ იმ პირებს ჩამოეწერებათ, ვისი ძირი სესხიც 2000 ლარზე ნაკლებია. პრემიერის ინფორმაციით ასეთი ქვეყანაში 600 ათასი მოქალაქეა და მათ ვალს მილიარდ ნახევარი ლარით ფონდი "ქართუ" გამოსყიდვის.

სესხის განულება არ შეეხება მათ, ვისი კრედიტიც 2000 ლარს ზევით არის. არც მათ, ვინც ერთ წლის განმავლობაში თუნდაც ერთხელ და თუნდაც მინიმალური გადასახადი გადაიხადა ამ სესხზე და არც მათ, ვისაც ჩადებული აქვს სესხის სალომბარდე ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.

ამავე თემაზე
დღის ამბები