19 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
ზეწოლა, მუქარა, მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - "სამართლიანი არჩევნები" კვლევას შემაშფოთებელს უწოდებს

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" კიდევ ერთი ხმაურიანი კვლევა და ფაქტები, რომელიც არჩევნების მეორე ტურის წინ, სერიოზულ კითხვის ნიშნებს იწვევს. ორგანიზაციის განცხადებით, ზეწოლამ, მუქარამ, მოსყიდვამ და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებამ უკვე მასშტაბური სახე მიიღო და ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ფიქსირდება. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოს აფასებს.

„სამ კვირაში პირველ და მეორე ტურს შორის პერიოდშიო  საუბარი არის უკვე 40 სხვადასხვა ზეწოლა-მუქარის ფაქტებზე, რომელიც ასე მოკლე ვადაში ასე კონცეტრირებულად ბუნებრივია წარმოადგენს შემაშფოთებელ ტენდენციას. ხშირ შემთხვევაში არის ფაქტები, რომელიც ერთ ამომრჩეველს კი არ მიემართება არამედ მიემართება მასშტაბურად: საჯარო მოხელეებს, კონკრეტულ მუნიციპალიტეტში კონკრეტული ბაგა-ბაღის, ან სკოლის პედაგოგებს ან სხვადასხვა კერძო უწყებების თანამშრომლებს. ეს თავისი მასშტაბით არის საკმაოდ პრობლემური,“-ამბობს მიხეილ ბენიძე.

ISFED-ის ინფორმაციით,  საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ზეწოლა/მუქარის 40 შემთხვევა,  საპრეზიდენტო კანდიდატისადმი მუქარის 1 შემთხვევა; სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 3 შემთხვევა; ფიზიკური დაპირისპირების - 5, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის -13 შემთხვევა; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 14, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 2 შემთხვევა; სააგიტაციო მასალების დაზიანების 6 და დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის 1 შემთხვევა.

"სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, ზეწოლა ხორციელდება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში როგორც საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულ პირებზე და სხვა მოწყვლად ამომრჩეველზე. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები სისტემატიურად მართავენ შეხვედრებს საჯარო მოხელეებთან, რა დროსაც მათგან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას მოითხოვენ. რიგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნას.

ანგარიშში საუბარია ე.წ. პრობლემური ვალების განულებისა და მოვალეთა შავი სიიდან ამორიცხვაზეც.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში უპრეცედენტო მასშტაბის ამომრჩევლის მოსყიდვის სახე აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ გაჟღერებულ გადაწყვეტილებას 600,000 მოქალაქისთვის ჯამში მილიარდნახევარი ლარის ოდენობის ფინანსური ვალდებულებების განულების შესახებ. გარდა ამისა, მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევებს აქვს ადგილი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სადაც სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ მოქალაქეებს გარკვეულ თანხას სთავაზობენ.

დღის ამბები