ფინანსთა მინისტრი „ომეგა ჯგუფის” შესახებ გამოქვეყნებულ იმ სკანდალურ ჩანაწერებს ეხმაურება, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი თავადაა, სადაც "ომეგა ჯგუფისთვის" ვალის რესტრუქტურიზაციაზეა საუბარი.
მინისტრის განცხადებით, მან იცოდა რომ საუბრის ჩაწერა მიმდინარეობდა, თუმცა მაჭავარიანი ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ომეგას“ ხელმძღვანელებთან კონსტრუქციული დიალოგი შედგა და მათ სთავაზობდა გამოსავალს, როგორ უნდა მოხდარიყო კომპანიისთვის ვალის ჩამოწერა.
„გარდა იმისა, რომ გაურკვევლად საუბრობენ თავის თემებზე და აბდა-უბდად საუბრობენ, ამას გარდა, გაურკვევლად ამონტაჟებენ ჩანაწერს. მაგრამ ამ გაურკვეველი ჩანაწერიდანაც კი ჩანს, რომ ჩვენ ვიყავით კონსტრუქციული. მიუხედავად ამდენი სიბინძურის ამდენი ტყუილის შევხვდით. ზუსტად ვიცოდით რომ გვწერდნენ. მაგაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ზუსტად ვეუბნებოდით, რომ კი ბატონო საურავის ჩამოწერის შანსი მაღალია, ძირზეც შეიძლება ვისაუბროთ,“-ამბობს ივანე მაჭავარიანი.
ახალი სკანდალური ჩანაწერი "ომეგა ჯგუფის" გასულ კვირას გასაჯაროვდა.
ფარული ჩანაწერი ფინანსთა სამინისტროში 26 ოქტომბერს გამართული ღამის შეხვედრის დეტალებს ასახავს. მოლაპარაკებას ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ხელმძღვანელობს. თათბირის მონაწილეები წინასწარ მიღებული გადაწყვეტილების დეტალებს ომეგა ჯგუფის დირექტორებთან ათანხმებენ.
ჩანაწერიდან დგინდება, რომ საგანგებო დავალებებს ფინანსთა მინისტრი შემოსავლების სამსახურის უფროსს აძლევს. ფარული ჩანაწერიდან ჩანს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს ბიძინა ივანიშვილის გუნდს უკვე მიღებული აქვს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის კომპანიას 52-მილიონიანი დავალიანება აპატიოს, შეხვედრაზე ბოლო დეტალები თანხმდება.
ჩანაწერის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ექსპერტი და ფინანსთა მინისტრის მოქმედი მოადგილე, მიხეილ დუნდუა, ითხოვს, ყველაფერი მალულად გაკეთდეს ისე, რომ დავალიანების ჩამოწერის ამბავს აჟიოტაჟი არ მოჰყვეს.
საუბრიდან ირკვევა, რომ მთავრობა მზად არის, 42 მილიონი ბიზნესმენს აპატიოს, მაგრამ ამ გარიგების გაფორმება ჩუმად უნდა - "ჩანდეს, როგორც „თეთრი ყვავი“.