ადამიანების დამცირებისა და წამების შემზარავი ფაქტების შესახებ „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ყოფილი მხარდამჭერი ალაპარაკდა. მელორ ვაჩნაძის შემდეგ ხელისუფლებას ძალადობაში ამჯერად გიორგი გაბედავა ამხელს, რომელიც თავის დროზე აქტიურად ეხმარებოდა მმართველს ძალას.
გაბედავა „კურიერთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ძალადობრივი და რეპრესიული სისტემა არ შეცვლილა, გამოიცვალა მხოლოდ მმართველი პარტია, რაც მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
მისი თქმით, ამის გამო, მან ხელისუფლება არაერთხელ გააკრიტიკა, რის შემდეგაც გაბედავას წინააღმდეგ ძალადობრივი მანქანა ამოქმედდა, რის გამოც ის იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.
მისი თქმით, ის 5 თვეა, შვედეთში, ოჯახთან ერთად, ცხოვრობს და პოლიტიკურ თავშესაფარს ელოდება.
„პატიმრებმა მოვიყვანეთ ხალხი არჩევნებზე, ვატო შაქარაშვილის სიყვარულით კი არ მოსულა იქ ვინმე და ირაკლი კობახიძის თმა კი არ მოსწონდა ვინმეს, ჩვენ მოვუყვანეთ ეს ხალხი არჩევნებზე და ჩვენი, პატიმრების ხათრით მოდიოდა ხალხი არჩევნებზე. სამი თვის მანძილზე მალოდინეს ციხეში, რომ სიმართლე დამემტკიცებინა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ სასამართლოში შევიტანე და არც კი იხილავენ ჩემს საქმეს. მე უბრალოდ ვებრძოდი რეჟიმს და მეგონა, რომ რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ რეჟიმი იგივე დარჩა. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც არ მიეყიდა „ოცნებას“, ყველას ასეთ დღეში ჩააგდეს. მე არ მინახავს ადამიანი, "ოცნებას" არ მიეყიდოს და შავ დღეში არ იყოს. პირდაპირ გეუბნებიან, შენ თუ ცუდს დაწერ ჩვენზე, ამ პოსტს თუ არ წაშლი, შენ თუ ამ ფარულ ჩანაწერს არ წაშლი, ოჯახს გაგინადგურებთ, ცოლი გყავთ, ფრთხილად იყავი, ფეხი არ წამოდოს, მუცელი არ მოეშალოს, ასეთ რაღაცებს გვეუბნებიან, "ნაცები" არ კადრულობდნენ ამას,“- განაცხადა გიორგი გაბედავამ.