19 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
მანიპულირება საარჩევნო გადასატანი ყუთებით - ოპოზიციის ბრალდებებს ცესკო-ს თავმჯდომარე პასუხობს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია გადასატან ყუთებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს.

საქმე ეხება გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებას, რომლის თანახმადაც, გადასატანი ყუთების მთხოვნელთა რაოდენობა პირველ ტურთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია. თამარ ჟვანია ოპონენტების პასუხად აღნიშნავს, რომ თუნდაც თითოეულ უბანზე გადასატანი ყუთების მსურველთა რაოდენობა 3 პროცენტს აჭარბებდეს, ეს კანონდარღვევა არ არის.

ჟვანიას თქმით, გადასატანი ყუთის სიები გუშინ დამტკიცდა და მის ხელთ არსებული ინფორმაციით,  საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთების მთხოვნელთა რიცხვი საშუალოდ, 2 პროცენტს არ აღემატება.

„ეს საკითხები ჩვენთანაც შემოვიდა, ჩვენთვისაც ცნობილი გახდა. ჩვენ გვქონდა ძალიან ცალსახა რეკომენდაცია და მითითება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებს ძალიან მკაცრად გადაემოწმებინათ აღნიშნული მოთხოვნები გადასატან ყუთებთან დაკავშირებით. გუშინ მოხდა გადასატანი ყუთის სიების დამტკიცება და მე, რაც ახლა ამ ეტაპზე, წინასწარ ინფორმაცია, რაც მაქვს, საშუალოდ უბანზე, არც კი აღემატება 2 პროცენტს. თუმცა, სხვადასხვა უბნებზე შეიძლება სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილება იყო მოთხოვნების შესაბამისად. მაგრამ მთელი საქართველოს მასშტაბით საშუალოდ, უბანზე 2 პროცენტს არ აღემატება გადასატანი ყუთის მოთხოვნები. თუმცა, თუ 3 პროცენტზე მეტია, ესეც არ არის სამართლებრივად პრობლემა ან აკრძალული კანონით. ამაზე შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, რომ მშვიდ გარემოში და ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე დავითვალოთ ხმები და ზუსტად ავსახოთ ხალხის ნება,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

დღის ამბები