"ისტორიული არჩევნების მეორე, გადამწყვეტმა ტურმა ძალადობის, შანტაჟისა და გაყალბების გარეშე უნდა ჩაიაროს," - ასეთია იმ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მოლოდინი, რომლებიც ხვალ საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდებიან.
ახალი პრეზიდენტის არჩევამდე ერთი დღით ადრე კი ყველა ავტორიტეტული ორგანიზაცია, მათ შორის ODIHR-ის მისია, NDI, IRI და ადგილობრივი ორგანიზაციები საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, შეხვდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ, აღნიშნა, რომ მეორე ტურის წინ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები გაზრდილია.
„სიმპტომატური იყო ის, რომ პრაქტიკულად მთელი ამ ხნის განმავლობაში ისევ გრძელდებოდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ სოციალურ ქსელებში აგრესიული კამპანია ე.წ. Fake ნიუსების და Fake გვერდების საშუალებით,“ - ამბობს სალაძე.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე, ამბობს, რომ პირველი ტურის შემდეგ უფრო გაზრდილია ზეწოლის, ასევე ამომრჩეველთა მოსყიდვის და მუქარის ფაქტები.
„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ამ საარჩევნო პერიოდში, განსაკუთრებით პირველ და მეორე ტურს შორის პერიოდში, არის მაღალი პოლარიზება, მკვეთრად გამოხატული ნეგატიური კამპანია, რომელიც პირველ ტურთან შედარებით, კიდევ უფრო გამძაფრებულია და ამ მხრივ ვითარება, შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო მწვავედ დგას. მათ შორის, პოლარიზებულია მედია გარემოც,“ - განაცხადა ბენიძემ.