28 სექტემბერი 2024,   17:25
ვრცლად
საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების მიუხედავად, დღეს პარიზში საპროტესტო აქცია მაინც გაიმართება

საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების მიუხედავად, დღეს პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქცია მაინც გაიმართება.

საფრანგეთში მოსახლეობა მთავრობის იმ ინიციატივას აპროტესტებს, რომელიც გარემოს დაცვისთვის საწვავზე ფასების ზრდას ითვალისწინებდა. აქციები საფრანგეთის დიდ ქალაქებში უკვე რამდენიმე უქმეებია, იმართება. 1 დეკემბერს კი პარიზში აქციამ საკმაოდ მწვავე ფორმა მიიღო, სადაც აქციის მონაწილეებმა ავტომანქანები დაწვეს, მაღაზიის ვიტრინები ჩაამსხვრიეს და ტრიუმფალური თაღიც კი სერიოზულად დააზიანეს. დაკავებულია ასობით ადამიანი, ასზე მეტი კი დაშავდა. არიან გარდაცვლილებიც.  ხელისუფლება ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის შემოღებასაც გეგმავდა.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მიიღო, 2019 წელს საწვავზე გადასახადების ზრდა საერთოდ გააუქმოს. თუმცა, აქცია დღეს მაინც გაიმართება.

საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საფრანგეთის მასშტაბით 89 000 პოლიციელი იქნება მობილიზებული, აქედან 8 000 - პარიზში.  ამასთან, ჯავშანმანქანები მობილიზებული იქნება ყველაზე სარისკო რაიონებში.

საპროტესტო აქციების გამო, ეიფელის კოშკი და ლუვრი ვიზიტორებისთვის დახურული იქნება. ასევე გაუქმდა ფეხბურთში საფრანგეთის ჩემპიონატის თამაში, რომელიც პსჟ-ს და მონპელიეს შორის უნდა გამართულიყო.

უსაფრთხოების ამგვარი განსაკუთრებული ზომები მოსალოდნელი დიდი მასშტაბის არეულობის გამო მიიღეს.  

 

დღის ამბები