17 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
მისი განცხადებები არის ჰომოფობიური და დისკრიმინაციული - სოფო კილაძის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართა

10 არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. ისინი დღეს პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, 4 თებერვალს კომიტეტის მიერ გამართულ საჯარო შეხვედრაზე, რომელიც ეხებოდა ბავშვის უფლებების კოდექსის განხილვას, სოფო კილაძემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ იგი შეუფერებელია ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობისთვის. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ, ცრუ, საქმიანი რეპუტაციის, პიროვნული ღირსების შემლახავი მიმართვები და სიძულვილის ენა გამოიყენა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) წევრების ანა აბაშიძისა და ანა არგანაშვილის მისამართით.

„მისი დამოკიდებულება მოწყვლადი ჯგუფების მიმართ შეუსაბამოა საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურად გაცხადებულ პოლიტიკასთან, ზოგ შემთხვევაში, ეწინააღმდეგება მას, ატარებს დისკრიმინაციულ, ჰომოფობიურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული ჯგუფების ჩაგვრის გამართლებისკენ. საჯარო გამოსვლებსა თუ დისკუსიებისას მის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია შეიცავს სიძულვილის ენას, რაც საზოგადოებისთვის სიძულვილის წამახალისებელი ხდება. მიგვაჩნია, რომ სოფიო კილაძის, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობა, საჯარო განცხადებები და პირადი დამოკიდებულება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მიმართ სრულიად შეუსაბამოა მის ამჟამინდელ თანამდებობასთან. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მოძრაობები, უმცირესობათა წარმომადგენლები, აქტივისტები და უფლებადამცველები მოვითხოვთ, გადადგეს სოფიო კილაძე!,“-ნათქვამია განცხადებაში.

მოთხოვნას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:

1. „თანასწორობის მოძრაობა“;

2. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“;

3. „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“;

4. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“;

5. „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“;

6. „საფარი“;

7. „მწვანე ალტერნატივა“;

8. „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები“;

9. „ქალთა მოძრაობა“; 10. „ქალთა მზერა“;

11. სამოქალაქო აქტივისტი დავით სუბელიანი. 

დღის ამბები