19 მაისი 2024,   09:42
ვრცლად
მესიჯების შეთანხმება არ ყოფილა, ბატონი ბიძინა ჩემი ინიციატივით ჩავაყენე საქმის კურსში - ზურაბ აბაშიძე კარასინთან შეხვედრაზე საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართთველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი გამოეხმაურა. გრიგორი კარასინმა განმარტა, რომ აბაშიძემ შეხვედრაზე ზუსტად ის საკითხები დააყენა, რაც მას ბიძინა ივანიშვილმა კონსულტაციების დროს დაავალა.

აბაშიძე კი ამბობს, რომ მოლაპარაკებების მთავარი თემა სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო. 

„კურიერთან“ სატელეფონო ინტერვიუში ზურაბ აბაშიძემ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა დაადასტურა. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი არის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და მას ინფორმაცია უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვან თემებზე, მათ შორის საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე. აბაშიძე ამბობს, რომ ივანიშვილს მისი ინიციატივით შეხვდა და მასთან კონკრეტული მესიჯები არ შეუთანხმებია. 

აბაშიძის თქმით, კარასინი შეხვედრაზე დაინტერესდა, თუ რატომ გაამახვილა ქართულმა მედიამ ივანიშვილთან მოლაპარაკების შესახებ ყურადღება. პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს განუცხადა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის ინფორმირება პრაღაში მიმდინარე დიალოგის შესახებ ნორმალური მოვლენაა.

„მკითხა მან, რატომ ატყდა ხმაური  ქართულ მედიაში ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ. ვუთხარი, რომ ეს არის ჩვენი შიდა პოლიტიკური კონიუნქტურის ნაწილი, ბატონი ივანიშვილი ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, მასთან შეხვედრა, მისი ინფორმირება პრაღაში მიმდინარე ჩვენი დიალოგის შესახებ ნორმალურ მოვლენად მიგვაჩნია,“- აღნიშნა აბაშიძემ.

პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა „კურიერთან“ სატელეფონო ინტერვიუს დროს განმარტა, რომ მომავალ კვირას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოსმენა გაიმართება და ყველა შეკითხვას პასუხი გაეცემა.

„ჩემთან ერთად არიან დელეგაციის წევრები, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოდგენელი, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი. ჩვენ მომვალ კვირას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გვექნება მოსმენა და ალბათ, იქ იქნება საუბარი ყველაფერზე. დეტალურად ვისაუბრებთ ამ შეხვედრის შესახებ. არანაირი კონკრეტული მესიჯები თუ დავალებები შეხვედრასთან დაკავშირებით არ ყოფილა. მესიჯების შეთანხმება არ ყოფილა. ბატონი ბიძინა ჩემი ინიციატივით ჩავაყენე საქმის კურსში, მივაწოდე ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობს დიალოგი პრაღაში და სად ვართ იმ თემების განხილვისას, რაც ჩვენი მანდატისთვის არის გათვალისწინებული. ასეთ შეხვედრები ნორმალურია. ბატონი ბიძინა არის მმართველი, პარტიის თავმჯდომარე, ის უნდა იყოს საქმის კურსში ისეთ სერიოზულ თემებთან დაკავშირებით, როგორიც არის ქართულ-რუსული ურთიერთობები,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები