"თიბისი" ბანკის დამფუძნებელი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან , რომელიც საბოლოოდ ანაკლიის პროექტს აზარალებს - ამის შესახებ განცხადება, ბადრი ჯაფარიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ამ წუთებში "თიბისი" ბანკის საქმეზე მსჯელობენ.
ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პროექტს უკვე მიადგა დიდი ზიანი, თუმცა თუ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა იქნება, ანაკლიის პროექტის განხორციელებას ხელს ვერაფერი შეუშლის.
„რა თქმა უნდა ანაკლიის პროექტი ვერ განხორციელდება კერძო საჯარო პარტნიორების გარეშე ეს შეუძლებელია. ეს არის სახელმწიფოსა და კერძოს სტრუქტურას შორის პარტნიორობის შედეგად შესაძლებელი. ჩვენ დღეისათვის ვფიქრობ, რომ კარგი ტემპით მივდივართ. უბრალოდ უნდა ხაზი გავუსვა, რომ ესეთი ტიპის დაპირისპირება და ესეთი ტიპის რეპუტაციული ზიანის მიყენების მცდელობა გინდა თუ არ გინდა დიდი ზიანს აყენებს თვითონ პროცესს. იმიტომ, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ უზარმაზარი თანხის მოზიდვაზე. ამიტომ მინდა მოგიწოდოთ ყველას ვისაც ამ პროე3ქტის განხორციელების ბედი აღელვებს ამაზეც ვიფიქროთ რომ ისეთი ნაბიჯი არ გადაიდგას, რომელიც ამ პროცესს ზიანს მიაყენებს და ზიანი მიადგა უკვე ძალიან დიდი იმ განცხადებებით რომელიც გაკეთდა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. ჩვენი მხრიდან არანაირი შეფერხება არ იქნება თუ კი იქნება ის მხარდაჭერა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან გვჭირდება,“-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.