იუსტიციის საბჭოს სხდომაზე საერთო სასამართლოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ჩატარებული კვლევის შედეგების განხილვას კამათი და დაპირისპირება მოჰყვა. კვლევის ფარგლებში, სულ 2 ათას 794 ადამიანი გამოიკითხა და მათი უმეტესობა, 69.5% სრულად ენდობა სასამართლოს. გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 5 % არ ენდობა სასამართლოს. ასევე, გამოკითხულთაგან 63,2% ფიქრობს, რომ სასამართლო მიუკერძოებელია და 62.7% მიიჩნევს, რომ სასამართლოს სამივე ინსტანცია დამოუკიდებელია.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვის კვლების შედეგები არ არის დამაჯერებელი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ უმჯობესი იქნებოდა, კვლევა რომელიმე დამოუკიდებელ, პროფესიონალურ ორგანიზაციას ჩაეტარებინა.
„ანუ ამ კვლევის შექმნის მიზანი არის ერთადერთი, სასამართლოს მიმართ გამწვავებული კრიტიკის ფონზე ამ ჯგუფმა, კლანმა მურუსიძე-ჩინჩალაძემ სასწრაფოდ უნდა დადოს მაჩვენებლები, რომ ხალხს ისინი უყვარს და სულ გულებს უწერენ. ეს არის ეს კვლევა. დეკემბერშივე ვთქვი, რომ ეს კვლევა ამ შედეგს დადებდა, ამიტომ, რა თქმა უნდა, სანდო არ არის,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ კვლევა მარტივი მეთოდოლოგიით იყო ჩატარებული, რომელსაც, მისი აზრით, სათანადო ნდობა არ აქვს.
„კვლევა იყო ჩატარებული უმარტივესი მეთოდოლოგიით. სულ რამდენიმე კითხვა დაესვათ რესპონდენტებს და საბჭომ გადაწყვიტა, რომ აი ამ მეთოდოლოგიით ჩაეტარებინა ეს კვლევა, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ სათანადო ნდობა ვერ ექნება. დღეს, როდესაც აი, ამ ვითარებაში 69,5 პროცენტი თითქოს ენდობა სასამართლოს, არის არა დამაჯერებელი. ჩვენ ყველამ ვიცით რა სისტემური პრობლემებია სასამართლოში სამართალწარმოების პროცესში,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
კვლევის ჩატარების შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, შოთა ქადაგიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ სასამართლოს, მომსახურებსის გაუმჯობესების მიზნით, კვლევის ჩატარების უფლება აქვს.
„ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის რეკომენდაციის თანახმად და მათ მიერ შედგენილი მეთოდოლოგიის თანახმად, თვითონ სასამართლოს აქვს უფლება ჩაატაროს კვლევა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით და გამოკითხოს უშუალოდ სასამართლოს მომხმარებლები და მათგან შეიტყოს ის შენიშვნები მომსახურების ხარისხის შესახებ, რომლებიც გამოსწორებული იქნება შემდგომში სასამართლოს მიერ,“ - განაცხადა შოთა ქადაგიძემ.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.