პრობლემური სესხების განულების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბანკებს და მათ შორის თიბისის ვალების ჩამოწერას აიძულებდნენ. ამის შესახებ განცხადება მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, 120 მლნ-იან პრობლემურ პორტფელში მხოლოდ 3 მლნ. ლარი აუნაზღაურეს. ირკვევა, რომ თიბისიმ ამ საკითხზე ეროვნულ ბანკსაც მიმართა კითხვით, თუ ვინ იღებდა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ წლების მერე ბანკს ამ საკითხზე არავინ მოედავებოდა, როგორც ეს 11 წლის წინ ჩამოწერილი 17 მილიონის შემთხვევაში მოხდა.
„ჩვენ იძულებული ვიყავით, რომ იმ 300%-იან სესხებს, დაპირისპირებოდა 40% -იანი სესხები. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოწერას ეხება. ჩვენ მივმართეთ ოფიციალური წერილით ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვუთხარით თქვენ რომ ჩვენ გვეუბნებით, რომ ჩვენი 120 მილიონიანი პორტფელი აი ამ მილიარდ ხუთას მილიონში უნდა ჩამოვწეროთ, სამი წლის მერე ახალი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომ მოვა ხომ შეიძლება მანაც უკანა რიცხვით თქვას, რომ რატომ ჩამოწერეთ. ან ჩემმა აქციონერმა ნიუ-იორკში თქვას, რომ რატომ ჩამოწერეთ 120 მილიონი სამ მილიონად? ვინ იყო ის, ვის დაუთმეთ ესე? ჩვენ სულ სხვა გათვლები გვქონდა, ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს 120 მილიონი გასანულებელი იყო. კითხვა მაქვს თუ თქვენ 2008 წლის 17 მილიონზე გაქვთ პრეტენზია, ხუთი წლის მერე ხომ შეიძლება ახალმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ თქვას, რომ ეს იყო არასწორი 120 მილიონიანი ჩამოწერა. წერილი მივიღეთ, რომ ეს ჩვენი საკითხი არ არისო. ლოგიკა სად არის? თუმცა ისინი ყველა შეხვედრაზე ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.