„დააშანტაჟეს წინასაარჩევნოდ კრედიტებით, ივანიშვილის სესხების სახით და ამაში გადაუგდეს, რაღაც კაპიკები"-ეს განცხადება რომან გოცირიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც დეპუტატებმა თიბისის საქმეზე მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მოუსმინეს. სწორედ ამ სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა სესხების განულების სახელმწიფო პროგრამაზე, სადაც მან თქვა, რომ ფაქტობრივად ბანკებს ამ ვალების ჩამოწერა აიძულეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი შეფასებით შეიძლება ითქვას, რომ სესხების განულების თემამ გადაინაცვლა სისხლის სამართლებრივ ჭრილში.
„ფაქტობრივად ეს თემა, წინასაარჩევნოდ ამომრჩევლების მოსყიდვის თემა უკვე გადაიზარდა კრიმინალურ საკითხში,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა, მუქარის წერილია, რომელიც მან მისივე თქმით, გიორგი გახარიასგან მიიღო. ოპოზიცია ამბობს, რომ გიორგი გახარიამ სწორედ იმიტომ დაიწყო დევნა მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ, რომ მან წინასაარჩევნოდ მიიღო უარი ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით.
„ჩვენ აქამდეც კარგად ვიცოდით, რომ სწორედ გახარია იყო ამ შანტაჟის და მუქარის ავტორი მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათ შორის მუქარის, რომელმაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა სამეგრელოში და ეს კიდევ ერთხელ დასტურდება იმ წერილით, რაზეც დღეს ბატონმა მამუკამ ისაუბრა,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
„ევროპული საქართველოს“ კი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის მოთხოვნას უერთდება. დავით ბაქრაძის განცხადებით ის, რაც დღეს პარლამენტში მოისმინა ცხადყოფს, რომ საქმე არ ეხება მხოლოდ თიბისი ბანკს და აქ საუბარია ხელისუფლების მხრიდან რეკეტზე.
„ბატონმა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ყველა ამ ფაქტთან დაკავშირებით მას გააჩნია დოკუმენტაცია. ამიტომ ჩვენი ვალია როგორც პარლამენტის შევქმნათ საგამოძიებო კომისია და ამ კომისიაზე განვიხილოთ უკვე დოკუმენტურად ყველა ბრალდება. იმიტომ, რომ რაც დღეს მოვისმინეთ, ეს აღარ არის მხოლოდ თიბისის საქმე, ეს არ არის არც მამუკა ხაზარაძის საქმე და ეს არ არის 17 მილიონის საქმე. რაც დღეს მოვისმინეთ, ეს არის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების პირდაპირი ჩართულობა რეკეტში,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
„ევროპული საქართველოს“ შეფასებით, დღეს ამომრჩეველთა მოსყიდვაზე საზოგადოებამ გაიგო ზუსტად ის, რასაც პარტია დიდი ხანია ამბობს.