სამი მილიონი 120 მილიონიანი პრობლემური პორთფელის სანაცვლოდ - როგორც გაირკვა ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო აფიორა გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც თიბისი ბანკის წინააღმდეგ სადამსჯელო მანქანა ამოქმედდა. მამუკა ხაზარაძემ დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეტალურად ისაუბრა როგორ აიძულებდა "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ პრობლემური ვალები მიზერულ ფასად ჩამოეწერათ. ხაზარაძის ბრალდებების ადრესატი დღეს ასევე გახდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. თიბისის დამფუძნებელი კობა გვენეტაძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, რომელსაც შანტაჟში და ხელისუფლების გავლენიანი წევრების დაკვეთის შესრულებაში ღიად ადანაშაულებს. როგორც მამუკა ხაზარაძე აცხადებს, გარიგებების გაფორმებამდე დეტალების გარკვევა ეროვნულ ბანკთან სცადა, თუმცა უპასუხეს, რომ ეს მათ არ ეხებოდათ. მამუკა ხაზარაძემ ქვეყნის მთავარი ბანკის ხელმძღვანელობა შანტაჟში დაადანაშაულა. ამბობს, რომ კობა გვენეტაძე დამოუკიდებელად გადაწყვეტილებებს ვერ იღებს და ის ხელისუფლების ზედა ეშელონების დაკვეთის შესაბამისად მოქმედებს.
ოპოზიციამ ამბობს, რომ დღევანდელი ხმაურიანი სხდომის შემდეგ ივანიშვილის მიერ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფაქტი დადასტურდა და მამუკა ხაზარაძემ საკუთარ გამოსვლით დაადასტურა, რომ საქართველოს ოლიგარქი ერთპიროვნულად მართავს.
ოპოზიციისთვის ეჭვქვეშ აღარ დგას საკითხი იმაზე, თუ რა მოხდა მეორე ტურის წინ და როგორ შეძლო "ოცნებამ" არჩევნების მოგება. მამუკა ხაზარაძის ამ ნათქვამმა ოპოზიცია კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ამომრჩევლების მოსყიდვა სესხების განულების პროგრამით სწორედ ბიძინა ივანიშვილის აფიორა იყო. უმრავლესობა კი ამ თემაზე დღეს საუბარს გაურბოდა.
მამუკა ხაზარაძის მოთხოვნაა საქმეზე ან ბრალი წარდგენა მოხდეს ან გამოძიება შეწყდეს. ის პირობას დებს, რომ დავას გააგრძელებს როგორც კერძო პირი და სიმართლეს დაამტკიცებს სასამართლოში. მან ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი გააფრთხილა რომ ის საქართველოდან წასვლას არ აპირებს.