17 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
ბოლო ორ კვირაში 40 შემთხვევა - ქურდობის და ყაჩაღობის გახშირებული ფაქტები საქართველოს ორ რეგიონში  

ქურდობის და ყაჩაღობის გახშირებული ფაქტები იმერეთსა და კახეთში და არცერთი გახსნილი საქმე. განსაკუთრებით გახშირებულია საცხოვრებელი სახლების ძარცვა. ყველა ფაქტებზე პოლიციამ ინფორმაცია მიიღო, მაგრამ დაზარალებულებს არ დახმარებია. სამართალდამცველებმა ადგილობრივებს მხოლოდ ის უთხრეს, რომ განსაკუთრებული კონტროლი სწრაფი ჩარიცხვის აპარატებზეა დაწესებული და ბინის ქურდობის ფაქტები პრიორიტეტული არ არის.

პოლიციის უმოქმედობის გამო დაზარალდა ზესტაფონში სადისტრიბუციო კომპანიაც, რომლის ავტომობილსაც საბურავები ხალხმრავალ ადგილზე დახსნეს, რის გამოც მომმარაგებელი კომპანია 2000 ლარით დაზარალდა.

გახშირებული კრიმინალითაა შეწუხებული, ბოლო რამდენიმე კვირაა, იორმუღანლოს მოსახლეობაც. ადგილობრივები ყოველ დილით ყაჩაღური თავდასხმის ახალ ისტორიებს იგებენ. დღეს გამთენიისას კი ცნობილი გახდა, რომ ნიღბიანი ყაჩაღების მორიგი მსხვერპლი მარტოხელა მოხუცი გახდა, რომელსაც ძვირფასეულობასთან ერთად, წლების მანძილზე მოგროვებული 7000 ლარი წაართვეს.

ადგილობრივების თქმით, მხოლოდ ბოლო 4 დღეში შეირაღებული პირები 15-მდე ოჯახს დაესხნენ თავს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს იარაღის მუქარით სახლებიდან ნივთები და სამკაულები გააქვთ. მოსახლეობა ფიქრობს, რომ სოფლებში გახშირებული ქურდობისა და ყაჩაღობის ფაქტები სწორედ სამართალდამცველთა უმოქმედობის ბრალია.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი, ია გულიაშვილი. 

დღის ამბები