გადაეცემა, თუ არა კულტურის პალატას ორი ათასზე მეტი კვადრატული მეტრის ფართობის შენობა დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ? - გადაწყვეტილება ქუთაისის საკრებულომ დღეს უნდა მიიღოს.
ამ ინიციატივის წინააღმდეგია მოძრაობა "ძალა ერთობაშია" და ერთ-ერთ მიზეზად შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით არსებულ კითხვის ნიშნებს ასახელებს.
„კულტურის განვითარება ოქიტაშვილს უნდა ჩააბარონ ქუთაისში, რაც არის სირცხვილი, იმიტომ, რომ ასეთი ოდიუზური ადამიანისათვის კულტურის ჩაბარება არის შეურაცჰყოფა თითოეული ქუთაისელისთვის. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, გადაუხადოს მას კონკრეტული თანხა და არა საკუთარი ჯიბიდან, არამედ, თითოეული ჩვენთაგანის ხარჯზე,“ - განაცხადა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ.
გიგა შუშანიას ეს პოზიცია მიუღებელია "ქუთაისი არენას" წარმომადგენლებისთვის. სწორედ "ქუთაისი არენა" გეგმავს აღნიშნულ შენობაში 8 მარტს კონცერტის ჩატარებას.
„ეს ტერიტორია ორი წლის ვადით მხოლოდ და მხოლოდ იქნება იმისათვის, რომ ხელოვანებს ხელი შევუწყოთ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კულტურის სფეროში გასამართი ღონისძიებებისათვის. ოქიტაშვილი აქ არაფერ შუაშია. სახელმწიფო ორგანიზაციას გადმოსცემს მერია,“- ამბობს „ქუთაისი არენას“ დიერქტორი დავით ფუტკარაძე.
"ქუთაისი არენას" ხელმძღვანელი განმარტავს, რომ შენობა მდგრადია, თუმცა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა ოფიციალურად ჯერჯერობით მზად არ არის.