ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია. უცნობია, მიმართავს თუ არა საქართველოს საპატრიარქო პრეზიდენტს დეკანოზ მამალაძის შეწყალების თხოვნით.
გადაწყვეტილება საპატრიარქოში ჯერ მიღებული არ არის. გორის და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია ამბობს, რომ საკითხს განიხილავენ, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ არ იცის.
სასულიერო პირის განცხადებით, საპატრიარქოს აქვს კომუნიკაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახთანაც და მათი პოზიცია იციან. მეუფე ანდრია იმ მეუფეებს შორისაა, ვინც დეკანოზის სკანდალური წერილი მიიღო.
„ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებს საპატრიარქო, დარწმუნებული ვარ, რომ ერთ-ერთი თქვენ იქნებით პირველები, ვინც ამის შესახებ შეიტყობთ. ჯერ ჯერობით ვერაფერს გეტყვით ახალს. სათათბირო საკითხია და იმიტომ. დიახ, ოჯახთან ურთიერთობა გააჩნია საპატრიარქოს წარმომადგენლებს,“-აცხადებს მეუფე ანდრია (გვაზავა).