წერილი, რომელიც უზენაესმა სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე გრიფის მოხსნით თხოვნით საპატრიარქოსგან მიიღო, ანალიტიკოსებში ეჭვს აჩენს.
თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი არ გამორიცხავს, რომ საპატრიარქოს განცხადება გულწრფელი არ არის. მისი თქმით, შესაძლოა, მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა ძალიან კარგად იციან, რომ პროკურატურა საქმეს გრიფს არ მოხსნის და ამ განცხადებით, საზოგადოებისა და მსჯავრდებული დეკანოზის წინაშე პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობენ.
„ყველაზე მართებულია, პრინციპში, ამ სიუჟეტის უფრო ფართო განსასჯელად გამოტანა, მაგრამ აქ არის საგულისხმო ალბათობაც - საპატრიარქო შემთხვევით, ხომ არ თამაშობს?! არის თუ არა გულწრფელი ამ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, რადგან შესაძლოა, მათ იციან, რომ პროკურატურა გრიფს არ მოხსნის და არ გაითვალისწინებს მათ შეგონებას. და, ეს ხომ არ არის ხელების დაბანის ერთგვარი გამოვლინება?“-ამბობს ტიგინაშვილი.
ჟურნალისტი, გოჩა მირცხულვა ამბობს, რომ საპატრიარქო სავარაუდოდ, მზაკვრულ თამაშს თამაშობს. მისი თქმით, სასულიერო პირებმა იციან, რომ თუ საქმის დეტალების გასაჯაროება არ მოხდება, ამას თავად მსჯავრდებული დეკანოზი გააკეთებს. მირცხულავა არ გამორიცხავს, რომ ამ განცხადებით, საპატრიარქო პროკურატურას საშუალებას აძლევს, საიდუმლო გრიფით დაცული საქმის მხოლოდ ნაწილი გაასაჯაროოს.
„მიმაჩნია, რომ ეს განცხადება არის არაგულწრფელი და თუ აქ არის ახალი მზაკვრობა ჩაფიქრებული, რომ საქმის ნაწილი გასაჯაროვდეს, ეს იქნება უფრო დიდი დანაშაული, ვიდრე ის, რომ ამ საქმეს ადევს გრიფი საიდუმლო,“-აცხადებს მირცხულავა.