17 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
"საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების ახალი დეტალები - ერთ-ერთი მძევალი დამნაშავეებმა ღამით გაიტაცეს და მანქანის საბარგულში ჩაკეტეს 

შეიარაღებული პირები, რომლებიც თავს დაესხნენ გლდანში საქართველოს ბანკის ფილიალს, ამ დრომდე დაკავებულები არ არიან. ისევ გამოკითხვაზე იმყოფებიან მძევლები, რომლებიც ყაჩაღობის დროს თავდამსხმელებმა აიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა მამაკაცი გლდანის პოლიციიდან გამოკითხვის შემდეგ, სავარაუდოდ, სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს. რაც შეეხება მეორე მძევალს, ახალგაზრდა ქალი პოლიციას ჩვენებას ამ დრომდე აძლევს.

გოგონას ახლობელი, რომელიც ამ დროისთვის პოლიციის შენობასთან იმყოფება აცხადებს, რომ მძევალმა მოახერხა ხმოვანი შეტყობინება გაეგზავნა მისი თანამშრომლისთვის, რომელსაც შეატყობინა რომ გაიტაცეს და მანქანაში ჰყავდათ ჩაკეტილი.

„ღამით გაიტაცეს, დაადგნენ თავზე იარაღით. შემდეგ დილით ჩამოსვეს. მანქანა სჭირდებოდათ მე როგორც ვიცი უცხო მანქანა. სამსახურში აგვიანდებოდა  და თანამშრომელს გამოუგზავნა ვოისი სხვისი მესენჯერიდან. ვიცი, რომ მხოლოდ ეს გოგო გაათავისუფლეს ჩემი ბიძაშვილი და შემდეგ ის ბიჭი გაათავისუფლეს. ეჭვის დონეზე ვიცი, რომ მანქანა დაწვეს. ერთად ისხდნენ მანქანაში და ერთად გაიტაცეს,“-განაცხადა დაზარალებული გოგონას ნათესავმა ნინი კერაძემ.

ყაჩაღობა გლდანში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე დილით მოხდა. ცნობილია, რომ სამი ნიღბიანი პირი ბანკში 10:30 წუთზე შევიდა, ტერიტორიის დატოვება კი ორ წუთში მოუხდათ, რადგან ადგილზე დაცვის პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ.

თავდამსხმელებმა დაცვის პოლიციის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რა დროსაც რამდენიმე ავტომობილი და ახლოს მდებარე მაღაზიები დაზიანდა. 

თავდამსხმელები ბანკის დასაყაჩაღებლად გატაცებული მანქანით მივიდნენ. მათ მანქანა, რომელშიც მამაკაცი და ქალი ისხდნენ ღამით გაიტაცეს. მამაკაცი დასკოჩილი მანქანის საბარგულში მოათავსეს.

მამაკაცი გლდანის მეოთხე მიკრორაიონში ჩამოსვეს. ბანკის შენობასთან კი მეორე მძევალთან, ახალგაზრდა ქალთან ერთად მივიდნენ. სწორედ მისი გამოყენებით დატოვეს ბანკის მიმდებარე ტერიტორიაც. საბოლოოდ კი, მძევლად აყვანილი გოგონა, ქერჩის ქუჩაზე დატოვეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები