ათვლა დაწყებულია, გლდანის ციხის ყველაზე პრივილეგირებული პატიმარი დაწესებულებას მაქსიმუმ ოთხ თვეში დატოვებს. პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს მირზა სუბელიანს, მისივე უწყება, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში სდებდა ბრალს, თუმცა მოსამართლე ლელა ნოზაძემ გადაწყვიტა, რომ სუბელიანი სხვა ქმედების ჩადენის გამოა დამნაშავე.
მოსამართლის მიერ, სუბელიანისთვის გამოტანილი განაჩენით, პრაქტიკულად დადასტურდა, ციხეში გაკეთებული იმ სკანდალური ჩანაწერების ნამდვილობა, რომელიც სუბელიანის დაკავებიდან რამდენიმე თვეში გასაჯაროვდა.
აუდიო ფაილში მირზა სუბელიანისა და მასთან ციხეში ვიზიტად მყოფ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის დიალოგი იყო ჩაწერილი. ჩანაწერით ირკვეოდა, რომ მირზა სუბელიანს "ოცნების" მთავრობის მაღალ ეშელონებში მყოფი პირებისგან, დაპირება იმის თაობაზე, რომ ციხეში ერთ წელზე მეტს არ გაატარებდა, ჯერ კიდევ დაპატიმრებამდე ჰქონდა მიღებული. შეთანხმება შესრულებულია, უკანასკნელი პერიოდის ყველაზე გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი მალე თავისუფალი იქნება.
მირზა სუბელიანის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი, "ქართული ოცნების" ოპონენტებისთვის, მმართველი პარტიის სისუსტის მაჩვენებელია.
მურთაზ ზოდელავა სწორედ მირზა სუბელიანის მიერ მთავრობისთვის წაყენებულ ერთ-ერთ მოთხოვნას უკავშირებს მათი აქტიური თანაპარტიელის, ზვიად კუპრავას დაპატიმრების ფაქტს. სასამართლოს უპატივცემულობისთვის ზვიად კუპრავას აღმკვეთი ღონისძიების სახედ გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც პატიმრობად მისთვის კიდევ ერთი ბრალის წარდგენის შემდეგ შეიცვალა. კუპრავა ძალადობაში ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა დაადანაშაულა.