თიბისი ბანკის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილი მუქარის წერილი - ბიზნესმენი ბადრი ჯაფარიძე საგამოძიებო უწყებაში ამ დრომდე არ დაუბარებიათ.
„კურიერის“ ინფორმაციით, სწორედ ბადრი ჯაფარიძე იყო ის შუამავალი, რომელმაც სავარაუდოდ, გიორგი გახარიას წერილი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს გადასცა.
მთავარ საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ დასაკითხ პირთა შესახებ ინფორმაციას, გამოძიების ინტერესებიდან არ ახმაურებენ.
რაც შეეხება შს მინისტრის გიორგი გახარიას გამოკითხვას - სავარაუდოდ, თადუმაძის უწყება არც მინისტრის დაბარებას აპირებს, თუმცა პროკურატურაში ამბობენ, რომ გამოძიების მიმდინარეობის პროცესში დაიკითხება "ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მქონე პირი".
მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე მას შს მინისტრმა მუქარის წერილი გაუგზავნა და რამდენიმე პირობის შესრულებას ითხოვდა. პირი კი, რომელმაც ხაზარაძეს შს მინისტრის მუქარის წერილი მიუტანა სწორედ მისი პარტნიორი ჯაფარიძეა.
ჯაფარიძე პარტნიორობასთან ერთად ხაზარაძის ოჯახის წევრიცაა და ასევე კარგად იცნობს შინაგან საქმეთა მინისტრსაც, რომელიც მის მეზობლად ცხოვრობს. საქმის პროკურორის განწყობით, ირკვევა ისიც, რომ საგამოძიებო უწყებაში ეჭვის თვალით უყურებენ ლონდონში დანიშნულ ექსპერტიზასაც.