ავიაკომპანია ”ჯორჯიან ეარვეისი” ხელისუფლებას მოუწოდებს გაასაჯაროვოს ის ხელშეკრულება, რომელიც სახელმწიფომ აეროპორტების მმართველ თურქულ კომპანია „ტავ ჯორჯიასთან გააფორმა. ”ჯორჯიან ეარვეისში" აცხადებენ, რომ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველ თურქულ კომპანია ადგილობრივი ავიაციის განადგურებას ცდილობს და აწესებს კაბალურ გადასახადებს.
”ჯორჯიან ეარვეისის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილი აცხადებს, რომ სწორედ ამის გამო მის კომპანიას დაუგროვდა 9 მილიონი დავალიანება, რომლის გადახდასაც არ აპირებს. მისივე თქმით, ”ჯორჯიან ეარვეისმა” დაამატა ახალი მიმართულებები და განახორციელა ინვესტიცია, თუმცა შექმნილი კაბალური პირობების გამო კომპანია ღმოჩნდა კრიზისში.
თამაზ გაიაშვილს ითხოვს გასაჯაროვდეს თუ რა რაოდენობის ინვესტიცია განახორციელა ტავად ტავ ჯორჯიამ და ეს საკითხი შეისწავლოს სამთავრობო კომისიამ.
„არიან თავს გასულები. საქართველოს მთავრობა აფინანსებს უცხო კომპანიას საკუთარი ავიაკომპანიის საზიდად. მე შარშან, რომ გავხსენი ეს ათი მიმართულება ერთი თვის შემდეგ იგივე მიმართულებაზე დასვა ქუთაისიდან სხვა ავიაკომპანია. გაასაჯაროვონ ის ხელშეკრულება არც აქვთ „ტავ ჯორჯიასთან“ დადებული. მეორე შეიქმნას სამთავრობო კომისია შემსწავლელი თუ რა თანხებია ინვესტირებული თურქების მიერ. 9 მილიონს მე განვუცხადე „ტავ ჯორჯიას“ რომ არ იქნება გადახდილი,“-განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.
ეს განცხადება, თამაზ გაიაშვილმა აეროპორტის წინ საპროტესტო აქციის გამართვამდე გააკეთა. დღეს ავიაკომპანია აირზენას თანამშრომლები აეროპორტთან შეიკრიბნენ და ტავ ჯორჯიას კაბალური პირობები გააპროტესტეს.