17 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
შემთხვევა ჟვანიას ქუჩაზე - არასამთავრობო ორგანიზაციების და ექსპერტ-გეოლოგების ნაწილი თბილისის მერს ადანაშაულებენ

არასამთავრობო ორგანიზაციების და ექსპერტ გეოლოგების ნაწილი თბილისის მერს აკრიტიკებენ. ამის მიზეზი ნინო ჟვანიას ქუჩაზე მაღალსართულიანი  კორპუსის მშენებლობის გამო კლდის ჩამოშლის ფაქტი გახდა. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მტკიცებით, აღნიშნულ მონაკვეთზე მშენებლობები შეჩერებული იყო, თუმცა, მერიის სპეციალური ნებართვის საფუძველზე სამუშაოები განახლდა.

„მიმდინარეობს უკანონოდ დაკანონებული მშენებლობები ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხარჯზე. პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე ცალსახად არის თბილისი მერიის მისამართით და კონკრეტულად, თბილისის მერის, რომელიც  ყველა ასეთ ფაქტზე არის ძალიან მშვიდი, არ რეაგირებს,“ - აცხადებს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი, დავით მესხიშვილი.

ამავე აზრს იზიარებს გეოლოგების ნაწილიც.

„ფაქტობრივად, დააბეტონეს მდინარის ხეობა და რაღაც ერთმეტრიანი დიამეტრის საოცარ ხვრელში მოაქციეს მდინარე, რომელიც შეიძლება, ისე ადიდდეს სეზონურად, შეიძლება, ჩამორეცხოს მთლიანად და ჩამოიტანოს,“ - განმარტავს  თეა გოდოლაძე.

აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებები თბილისის მერის  მოადგილემაც გააკეთა, რომელიც ამბობს, რომ ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობები ადგილობრივი მოსახლეობისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

„მშენებლობები, რომლებიც იქ მიმდინარეობდა, ჩვენ ხელმეორედ გადავამოწმეთ. გაჩერებულიც კი იყო რაღაც პერიოდი მშენებლობები იმიტომ, რომ გვსურდა, დავრწმუნებულიყავით, რომ არ იყო რაიმე გეოლოგიური პრობლემა. შემიძლია, დანამდვილებით ვთქვა, რომ ყველა მშენებლობას, რომელიც მიმდინარეობს ჟვანიას ქუჩაზე, მათ, გეოლოგიიდან გამომდინარე, არ ესახება რაიმე პრობლემები,“ - განაცხადა ილია ელოშვილმა.

ნინო ჟვანიას ქუჩაზე აღნიშნული შემთხვევა დღეს მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, დაზიანებული მილიდან ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რის გამოც, ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ყაზტრანსგაზის თანამშრომლები.

უსაფრთხოების მიზნით, 50-მდე აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.

დღის ამბები