კრწანისის სასწავლო ცენტრში ნაცემია კიდევ ერთი ჯარისკაცი - ამის შესახებ 19 წლის სამხედრო მოსამსახურე ქაზიმ გახრამანოვი აცხადებს.
გახრამანოვმა კრწანისის სასწავლო ცენტრში მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ გუშინ ისაუბრა, დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ის სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება.
თუმცა, ვიდრე გახრამანოვი სასამართლო დარბაზში შევიდოდა, კურიერთან საუბრისას განაცხადა, რომ კრწანისის სასწავლო ცენტრიდან მას ერთ-ერთმა, ასევე ნაცემმა ახალწვეულმა წერილი გამოატანა.
გახრამანოვის თქმით, წერილში ახალწვეული მშობლებს დახმარებას და სხვა სამხედრო ცენტრში გადაყვანას სთხოვს.
"სამხედრო ნაწილიდან რომ გამოვდიოდი, ერთ-ერთმა ჯარისკაცმა, რომელიც ასევე ნაცემია, წერილი გამომატანა. მარნეულელი ბიჭი, რომელიც ამ ნაწილში მსახურობს, წერს, რომ როცა მე დავტოვებ კრწანისის სამხედრო ბაზის ტერიტორიას, ხმამაღლა ვთქვა ყველაფერი, რაც ამ სამხედრო ნაწილში ხდება. "ჩემს მშობლებს უთხარი, ამ ნაწილიდან სხვა ნაწილში გადამიყვანონ" - წერილში მეტი არაფერი წერია.
"ფურცლის უკანა მხარეს იყო მიწერილი მისი მამის სახელი და ტელეფონის ნომერი. მე ჯარისკაცის მამას დღეს დავუკავშირდი. ისინი დღეს შვილის სანახავად კრწანისის ბაზაზე მივიდნენ. მე კი დღეს ექსპერტიზაზე დამიბარეს და ველოდები ექსპერტიზის ჩატარებას" - აცხადებს გახრამანოვი.
ქაზიმ გახრამანოვი თქმით, მას სხვა სამხედრო მოსამსახურეები, ზემდგომის თანდასწრებით, ფულს სძალავდნენ და უარის შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ.